
ევროკავშირის წარმომადგენელი კახეთს ეწვია: "ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან რეალურ შედეგებს იძლევა"
13/09/2024 06:07:07 პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის ნიკოლას სენდროვიჩის განცხადებით, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას. ამის შესახებ მან კახეთში ვიზიტისას განაცხადა.
"ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან რეალურ შედეგებს იძლევა. კახეთში ჩვენი ერთობლივი ვიზიტი გვაძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თვალით დავინახოთ ჩვენი ხელშეწყობის შედეგები და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პროექტები მდგრადია და დადებითად აისახება რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ჩვენთვის დიდი პატივია USAID-თან თანამშრომლობა, რადგან ერთად შეგვაქვს წვლილი საქართველოს განვითარებასა და კეთილდღეობაში”, – განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, წარმომადგენლობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები კახეთის რეგიონს ეწვივნენ თავიანთი საქმიანობის შედეგების გასაცნობად.
"ვიზიტისას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა და USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში ჯონ პენელმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირისა და USAID-ის პროექტების მდგრადობასა და გრძელვადიან შედეგებს, რომლებიც ხელს უწყობს კახეთის რეგიონის ეკონომიკურ ზრდას, მოსახლეობის კეთილდღეობასა და სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.
ვიზიტისას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და USAID-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს ის პროექტები, რომლებიც განათლებას, სოციალურ და სამოქალაქო საკითხებს, ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ სამოქალაქო ლიდერებთან. რეგიონში ვიზიტით ხაზი გაესვა ადგილზე მოქმედი ორგანიზაციებისა და პირების საქმიანობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეებისთვის, რომლებიც რთულ სამუშაო გარემოში სხვადასხვა სახის შევიწროებას განიცდიან. აღნიშნულმა შეხვედრებმა გამოკვეთა ევროკავშირისა და USAID-ის ინიციატივების წარმატებული შედეგები, ასევე შექმნა პროგრამის მონაწილეებთან გაცნობისა და პროგრამების გრძელვადიანი შედეგების შესახებ მათი აზრის მოსმენის შესაძლებლობა.
საქართველოში ევროკავშირისა და USAID-ის საქმიანობის მთავარი მიზანია ქვეყნის განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული ვიზიტით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რეგიონების ხელშეწყობის მნიშვნელობას. სოციალური ჩართულობის გაძლიერებაზე, განათლებაზე, ინოვაციებისა და გარემოს მდგრადობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული პროექტები ნათელი მაგალითია იმის, რომ საქართველოს პარტნიორები რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის გაძლიერების კუთხით ძალისხმევას არ იშურებენ.
კახეთში ვიზიტი შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებში ივლისში განხორციელებული შეხვედრების გაგრძელებას წარმოადგენს. ერთობლივი ვიზიტებისას მკაფიოდ გამოიკვეთა ევროკავშირისა და USAID-ის საქმიანობის მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები. ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ საერთო ღირებულებებსა და მიზნებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საქართველოში ევროკავშირისა და USAID-ის საქმიანობას. განხორციელებული ინიციატივები მკაფიო მაგალითია, იმისა თუ როგორ შეუძლია კოორდინირებულ და გრძელვადიან მხარდაჭერას საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დადებითად შეცვლა, ქვეყანაში ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობით", – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.