კონსტანტინე გამსახურდია: „ცოტნე გააღვიძეს“
30/01/2020 13:13:28 საზოგადოება
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს,– ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას ძმა კონსტანტინე გამსახურდია სოციალური ქსელის მეშვეობით იუწყება.
„დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადექვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია“,– წერს გამსახურდია.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას შემდეგ ის ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. თბილისში ჩატარებული ოპერაციისა და ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ, იანვრის დასაწყისში, ოჯახის მოთხოვნით, ის თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ.


