
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 ადამიანი დაიბრუნა
13/09/2024 12:16:24 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, მათ შორის 23 ქალია.
ზელენსკის თქმით, უკრაინაში დაბრუნდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სასაზღვრო სამსახურის სამხედრო პერსონალი, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები.
"ჩვენ ასევე მოვახერხეთ აზოვსტალის კიდევ რამდენიმე მცველის გათავისუფლება. უკრაინის გმირი, სამხედრო მედიკოსი ვიქტორ ივჩუკიც სახლშია", - წერს ზელენსკი.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთს სანაცვლოდ 49 სამხედრო გადაეცა, რომელთა უმეტესობა კურსკის ოლქში ტყვედ აყვანილი წვევამდელები იყვნენ.