
პოლონეთის პრემიერი: "დასავლეთისგან უკრაინისთვის უფრო ინტენსიურ დახმარებას უნდა ველოდოთ"
13/09/2024 12:27:39 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ "დასავლეთისგან უკრაინისთვის უფრო ინტენსიურ დახმარებას უნდა ველოდოთ".
იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გუშინდელი განცხადება მიზნად ისახავდა დასავლეთის დაშინებას, შეწყვიტოს უკრაინის დახმარება.
"გუშინ მე მქონდა ხანგრძლივი საუბარი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ბატონ ბლინკენთან, ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ სხვა ლიდერებთანაც და უნდა ითქვას, რომ დასავლეთის სოლიდარობა ამ საკითხზე სულ უფრო თვალშისაცემია და ჩვენ უნდა ველოდოთ უფრო ინტენსიურ დახმარებას ჩვენი მოკავშირეებისა და მთელი დასავლური სამყაროსგან უკრაინისთვის", -განაცხადა ტუსკმა.
ცნობისთვის: 12 სექტემბერს პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "უკრაინას დასავლეთის დახმარების გარეშე რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმები არ შეუძლია და თუ NATO-ს წევრი ქვეყნები კიევს მათგან მიღებული შორ მანძილზე მოქმედების რაკეტების რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების უფლებას მისცემენ, ეს იქნება რუსეთთან ომში NATO-ს წევრი აშშ-ის და ევროპული ქვეყნების პირდაპირი მონაწილეობა, რასაც შესაბამისი გადაწყვეტილებებით უპასუხებენ".