
"აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამოსულმა დიპლომატმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დავა დაიწყო
13/09/2024 13:50:11 პოლიტიკა, სამართალი
"სოციალური სამართლიანობის ცენტრმა" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების დაცვის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ითხოვს მის მიმართ დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გაუქმებას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებს.
ალექსანდრე გოგოლაძე 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამჟამად არის სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი.
როგორც ორგანიზაცია მიუთითებს, ალექსანდრე გოგოლაძემ 2024 წლის 1 მაისს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან წინასწარი შეთანხმებით, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაუყოვნებლივ დატოვა სომხეთი და საქართველოში გამოემგზავრა. ამავე დღეს, მან სოციალურ ქსელ "Facebook"-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, "რომლითაც გამოეხმაურა ქვეყანაში "რუსული კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს და მიუთითა, რომ მისთვის მიუღებელი არის ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობდა, გმობდა ე.წ. "რუსულ კანონს" და ძალადობას, რომელსაც ხელისუფლება იყენებდა აქციების მონაწილეების მიმართ. მისი ეს პოსტი საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის მედია საშუალებებმაც გაავრცელეს".
"პოსტის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე გოგოლაძის მხრიდან სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტზე დაიწყო დისციპლინური წარმოება. კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გოგოლაძემ მასთან შეთანხმებით დატოვა სომხეთის ტერიტორია, მან დაარღვია შვებულების მოთხოვნის წესი, ვინაიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით არ წარადგინა შესაბამისი განცხადება და დატოვა ადგილსამყოფელი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ გოგოლაძემ წარმოების პროცესში სამინისტროში წარადგინა ინფორმაცია მამის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ და მიუთითა, რომ 2024 წლის 1 მაისს მას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველო საელჩოში არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე და მხოლოდ ამიტომ ვერ შეძლო განცხადების წარდგენა, მინისტრის გადაწყვეტილებით, მას მაინც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და გამოეცხადა საყვედური, რომელიც დისციპლინური პასუხისმგებლობის მძიმე და არათანაზომიერ სახდელს წარმოადგენს. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ კი ალექსანდრე გოგოლაძე ყოველგვარი დავალების გარეშე საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით გამოიძახეს საქართველოში. დისციპლინური წარმოების პერიოდში, რომელიც გაგრძელდა 3 თვე, ალექსანდრე გოგოლაძე შეუჩერდა უფლებამოსილება და გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურება. ამავდროულად, არ მომხდარა მისი სამშობლოში ოფიციალური გამოწვევა. მას ფაქტობრივად შეექმნა ადგილსამყოფელ ქვეყანაში გაუსაძლისი პირობები, რის გამოც იძულებული გახდა თავისი ფინანსური სახსრებით უკან დაბრუნებულიყო საქართველოში".
საქმის გარემოებებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ გოგოლაძეს "დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციების მხარდამჭერების მიმართ გამოხატული სოლიდარობის გამო, რაც წარმოადგენს დისკრიმინაციას განსხვავებული შეხედულების გამო. შესაბამისად, ალექსანდრე გოგოლაძის ინტერესების გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, რომლითაც ვითხოვთ ბათილად იქნეს ცნობილი მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, დადგინდეს დისკრიმინაციის ფაქტი და მოსარჩელეს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი".
ორგანიზაციის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო და იმედოვნებს, რომ სასამართლო საქმეს ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილავს.
აღნიშნულს თავად მოსარჩელე სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ "იმ დღიდან, როდესაც საჯაროდ დავდექი ისტორიის სწორ მხარეს, მინისტრის ნაჩქარევი გადაწყვეტილების გამო, სამინისტრო იძულებული გახდა ჩემს მიმართ დაერღვია რამდენიმე კანონი":
"სამწუხაროდ, ზოგს მიაჩნია, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, რომ სისტემის ზეწოლა არნახულად დიდია. მე ეს ჩემს თავზე უკვე განვიცადე. წნეხი, რაც რეჟიმს შეუძლია გამოიყენოს შენს დასაჩაგრად, თავიდან, შთამბეჭდავად გეჩვენება. თუმცა, ეს გრძნობა დროებითია. იმავე წამს ქრება, როგორც კი იაზრებ, რომ საპირისპირო მხარეს ადამიანის სულის ბუნებრივი მოთხოვნა - თავისუფლებაა! ეს ის ძალაა, რომელსაც ვერცერთი რეჟიმი წინ ვერ დაუდგება, რაც არ უნდა დაუნდობელი და გამწარებული იყოს.როდესაც ჩვენს ქვეყანაში ისტორიული მნიშვნელობის მოვლენები ვითარდება, ერთი რიგითი დიპლომატის ბრძოლა რეჟიმის უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ, შესაძლოა, უმნიშვნელოდ ჩანდეს. მაგრამ, მე ასე არ ვთვლი! ყველა ქართველის სიტყვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სისტემის რიგითი თანამშრომლების. ხშირად, ჩვენს მიერ დარღვეული დუმილი უფრო მტკივნეულად ჟღერს, ვიდრე ელჩების, თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირებისა.მინდა ყველა ქართველ საჯარო მოხელეს მივმართო, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქვეყანაზე, ვინც აირჩია ნათელი მომავალი, ევროპული მომავალი!ვიცი, როგორი გაუსაძლისია თქვენთვის ეს ვითარება, სადაც მოკლებული ხართ სიტყვის თავისუფლებას, ხოლო ნებისმიერი საპირისპირო ხედვა დასჯადია. ამის მიუხედავად, ვიცი, რომ მაინც ცდილობთ დაიცვათ ქვეყანა როგორც გარე, ისე შიდა მტრებისგან. ნუ იფიქრებთ, რომ მარტო ხართ, ნუ იფიქრებთ რომ თქვენს ძალისხმევას არ აქვს გავლენა. ზუსტად რიგით თანამშრომლებზე დგას სისტემა. რეჟიმი გრძნობს თქვენს ძალას და ამიტომ იძულებულია გაზარდოს წნეხი. ტირანია მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, ეს რეპრესიული წნეხი მხოლოდ ნიღაბია, რომლის უკან დიდი შიში იმალება, შიში თქვენს მიმართ!ისინი დარწმუნებული არიან, რომ ჩვენი დაჩაგვრა მარტივად გამოუვათ, დაგვადუმებენ და ღირსებას ჩამოგვართმევენ. მაგრამ, ცდებიან! მჯერა, რომ მალე მოვა დრო, როდესაც ყველა ჩვენგანის ბრძოლაში შეტანილი მცირედი წვლილი, ერთიანად, გაუსაძლისი აღმოჩნდება რეჟიმისთვის და იგი გატყდება!მე თავს არ ვგრძნობ მარტოდ! ვიცი, რომ ზურგს უამრავი ადამიანი მიმაგრებს, თავისუფლების მოყვარე მეომრები. მალე მოვა დღე, როდესაც საქართველო განთავისუფლდება, მაგრამ ამისთვის, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა!"