
ეძგვერაძე 2 700 ლარით დააჯარიმეს
13/09/2024 14:20:26 პოლიტიკა, სამართალი
თბილისის საკრებულოს დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობის" გლდანის საარჩევნიო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ეძგვერაძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია ტოგონიძემ სამართალდამრღვევად ცნო და 2 700 ლარით დააჯარიმა.
თავად ეძგვერაძემ დღვანდელი სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
"მოსამართლემ ირაკლი ეძგვერაძე 2 700 ლარით დააჯარიმა იმ გარემოებაში, როცა მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ის იზოლატორში 48 საათი ჰყავდათ და თურმე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოძალადე პოლიციელები არც კი გამოუკითხია.
დღეს ჩვენ სასამართლოში ვიდეომტკიცებულებები წარმოვადგინეთ, სადაც ჩანდა, რომ ირაკლი ეძგვერაძე არავითარ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ სჩადიოდა. სასამართლოს არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა, რომ ეს განაჩენი გამოეტანა. ისევ და ისევ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს". - თქვა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
ეძგვერაძე 4 სექტემბერს დააკავეს საკუთარი სახლის სიახლოვეს. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ ეძგვერაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელებისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლისთვის აიყვანეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, "კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან".