გერმანიამ შენგენის ზონის კიდევ 5 ქვეყანასთან აამოქმედა სასაზღვრო კონტროლის რეჟიმი

16-09-2024 10:12:01 ევროპა

16 სექტემბრიდან გერმანიამ კონტროლი დააწესა სახმელეთო საზღვრებზე შენგენის ზონის კიდევ ხუთ ქვეყანასთან.

ექვსი თვის განმავლობაში გერმანიის პოლიციის სპეციალურ კონტროლქვეშ იქნება საზღვრები დანიასთან, ნიდერლანდთან, ბელგიასთან, ლუქსემბურგსა და საფრანგეთთან. პოლიციას უფლება აქვს პირი ქვეყანაში არ შეუშვას. თუ ის თავშესაფარს ითხოვს, შესაბამისი შემოწმების პროცედურა იწყება.

მიზანი არალეგალური მიგრაციის შეჩერებაა.

სასაზღვრო კონტროლი გერმანიამ ერთი წლის წინ აამოქმედა პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან სახმელეთო საზღვრებზეც.

მოელიან, რომ ვინაიდან გერმანია შენგენის ზონის ცენტრში მდებარეობს, დამატებითმა კონტროლმა შესაძლოა, შეაფერხოს ხალხის და ტვირთების გადაადგილება, რაც ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების უკმაყოფილებას იწვევს. ევროკომისია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში ემხრობა წევრი სახელმწიფოების მიერ ევროკავშირის შიდა საზღვრების დროებით კონტროლს.

თავის მხრივ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი აცხადებს, რომ სასაზღვრო კონტროლი აუცილებელია, რათა გერმანიამ შეზღუდოს არალეგალური მიგრანტების რიცხვი და შეამციროს ზეწოლა თავშესაფრის მიღების გადატვირთულ სისტემაზე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები