
“ძალადობრივი არჩევნები და ერის ლიდერის არარსებობა”: აფხაზური კრიზისის საფუძვლები
30/01/2020 17:14:49 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინშია. მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში ოპოზიციამ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია შტურმით აიღო, აფხაზურმა უზენაესმა სასამართლომ კი გააუქმა დე ფაქტო ცსკ-ის გადაწყვეტილება “პრეზიდენტად” რაულ ხაჯიმბას არჩევის თაობაზე, ეს უკანასკნელი გადადგა. 22 მარტისთვის ხელახალი არჩევნები დაინიშნა. ამჟამად მიმდინარეობს კანდიდატთა წარდგენა.
“ძალადობრივი არჩევნები და ერის გამაერთიანებელი ლიდერების არარსებობა”, - ასე ხედავს ოკუპირებულ რეგიონში შექმნილი მდგომარეობისა და იქ ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემის ძირითად პრობლემებს ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ივან თარბა.
“ფილოსოფიაში არსებობს ასეთი ცნება – უწყვეტობის წყვეტა, ჰოდა ჩვენ ჩვენი განვითარების კურსი 15 წლის განმავლობაში სამჯერ შევწყვიტეთ! ვიწყებთ, 5 წლის თავზე თითქოს იწყებს რაღაც დალაგებას ეკონომიკაში, პოლიტიკაში, თუმცა ისევ ვწყვეტთ ყველაფერს და უკან ვგორდებით. ამ გზით განვითარება ვერასოდეს მიიღწევა. ბუნებრივია, მსგავს არასტაბილურ ვითარებაში ინვესტორი არ შემოდის – ის კი არა, ვინც იყო, ისიც გარბის, ხოლო თუ ინვესტორები არ შემოდიან, ქვეყანა არ ვითარდება. ამიტომაა, 26 წელი რომ ერთ ადგილს ვტკეპნით და ასეც იქნება. სამივე არჩევნები ძალადობრივი იყო – 2004-შიც, 2014-შიც და წელსაც.,ხოლო სადაც ძალადობაა, იქ ნორმალური ხელისუფლება ვერ იქნება. მერე ჩვენ ვაფორმებთ, ვაკანონებთ, კანონიერ ველში ვნიშნავთ არჩევნებს. არადა, ადამიანს ხომ უფლებამოსილება თავისი ნებით არ მოუხსნია... თანამდებობიდან მიმავალი ყოველი ლიდერი ადმინისტრაციას უკანა გასავლელით ტოვებდა. ეს ხომ ძალადობის შედეგია. ამიტომაცაა, რომ ჩვენთან ყველაფერი ყოველ ჯერზე წყდებოდა, ჩვენ მუდმივად ვწყვეტთ ჩვენს განვითარებას და მუდმივად ასე ვიქნებით” - თვლის თარბა.
22 მარტისთვის დაგეგმილ ე.წ. არჩევნებზე საუბრისას კი იგი საკადრო კრიზისზე ამახვილებს ყურადღებას:“ჩვენ არ გვყავს ისეთი პოლიტიკური ვარსკვლავები, რომლებზეც ხალხი სადღეისოდ ერთსულოვნად დადებდა ფსონს. თუ დაიწყებ თხრას, ნებისმიერზე რაღაცას მოქექავ… როცა მოდიხარ ქვეყნის, ხალხის სამართავად, უპირველესად, ერის ლიდერი უნდა გახდე. ვლადისლავ არძინბას შემდეგ ჩვენ მხოლოდ პრეზიდენტები გვყავდა, მაგრამ არც ერთი არ ყოფილა ამავდროულად ერის ლიდერიც […], ხანგრძლივი დროით არავინ ინარჩუნებდა აღებულ კურსს, არ ზრდიდა მემკვიდრეებს [...]. ამ ყველაფრისთვის ცოტა განათლებულობა, ცოტა წიგნიერებაა საჭირო – სხვა არაფერი”.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება