
„ახმატის“ მეთაური: არ ვაპირებ, ტყვეობიდან ჩეჩნეთის იმ მკვიდრთა გამოხსნას, რომლებიც კურსკის ოლქში უკრაინელებს დანებდნენ
16/09/2024 11:11:29 მსოფლიო
ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატის“ მეთაური, რუსეთის არმიის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე აპტი ალაუდინოვი აცხადებს, რომ "იგი არ აპირებს ტყვეობიდან ჩეჩნეთის იმ მკვიდრთა გამოხსნას, რომლებიც დანებდნენ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის დროს".
ალაუდინოვმა მათ მოუწოდა, „ყველაფერი გააკეთონ, რომ ისინი მოკლან“.
მისი თქმით, იგი ეხმარება მხოლოდ იმ თანამემამულეებს, რომლებიც იბრძოდნენ, რომლებიც მძიმე ჭრილობების გამო ჩაიგდეს ტყვედ.
"ის, ვინც წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა, არ იმსახურებს სიცოცხლეს. უკრაინელებო, გყავდეთ ისინი თქვენთვის, ჩვენ არ გვჭირდება ისინი, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რას უზამთ მათ“, - განაცხადა ალაუდინოვმა.
უკრაინის არმიამ 6 აგვისტოს დაიწყო კურსკის ოლქში შეტევა. უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ აკონტროლებენ ათეულობით დასახლებას, მათ შორის რაიონულ ცენტრ სუჯას, ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და დატყვევებული ჰყავთ რუსეთის ასობით ჯარისკაცი. კურსკის რეგიონში ფედერალური საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ოფიციალური მონაცემებით, სასაზღვრო რაიონებიდან 130 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება უკრაინის ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა, არსებული მონაცემებით, მათი რაოდენობა მინიმუმ, ასეულებია.
რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გარღვევის დაწყებიდან აპტი ალაუდინოვმა ათობით ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა კურსკის ოლქში მისი ქვედანაყოფის სამხედრო წარმატებების შესახებ. მან არაერთხელ დადო პირობა, რომ რეგიონში „მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში“ დაამყარებდა ვითარებაზე კონტროლს.