
„ნაციონალურ მოძრაობა“ პოლიციას მათი პარტიის წევრზე ძალადობაში ადანაშაულებს
16/09/2024 11:23:03 საზოგადოება
„ნაციონალურ მოძრაობა“ პოლიციას მათი პარტიის წევრ ზურაბ აბაევზე ძალადობაში ადანაშაულებს.
„როცა ნაძალადევის შტაბისკენ მოდიოდა, პოლიციელებმა იცნეს ის. აბაევი ამბობს, რომ დაუწყეს ფოტოების გადაღება, მიაყენეს შეურაცხყოფა და ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში“, - ამბობს დაკავებულის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე.
მისივე ცნობით, დაკავებულს ეტყობა ძალადობის კვალი და პოლიციის რაიონულ განყოფილებაში, სადაც ის გადაიყვანეს, სასწრაფო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. მისივე თქმით, აბაევი კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ნაძალადევის შტაბისა და ასევე, კომისიის წევრი ზურაბ აბაევი სამართალდამცავებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მან პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია".
შსს–ს ცნობით, აბაევი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 177-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.