
რუსეთის კურსკის ოლქის ორ რაიონში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა
16/09/2024 14:56:03 მსოფლიო
რუსეთის კურსკის ოლქის ხომუტოვსკის და რილსკის რაიონებში სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი ავრცელებს.
მისი თქმით, ევაკუაცია საზღვრიდან 15 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებულ პუნქტებს შეეხება.
"გადაწყვეტილება მიღებულია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით", - წერს სმირნოვი სოციალურ ქსელში.
უკრაინის სამხედროების მხრიდან საზღვრის მიღმა მდებარე ხომუტოვსკის და რილსკის რაიონებში შეჭრის მცდელობაზე ბოლო პერიოდში ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა აქტიური შეტაკებები მიმდინარეობს კურსკის ოლქის გლუშკოვსკის, სუჯანსკისა და კორენევის რაიონებში, რომლებიც აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთითაა. იქ უკრაინის სამხედროები აგვისტოს დასაწყისიდან აკონტროლებენ ტერიტორიების ნაწილს. მთავრობის მონაცემებით, კურსკის რეგიონიდან, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ამ დრომდე გავიდა ან ევაკუირებულ იქნა 130 ათასამდე ადამიანი. ზუსტი მონაცემი არ არსებობს იმაზე, თუ რამდენი პირი რჩება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე.