საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს სამ ქვეყანაში, კორონავირუსის პირდაპირი დიაგნოსტიკის შესაძლებლობა იქნება
30/01/2020 22:00:28 საზოგადოება
დაახლოებით, ერთ კვირაში საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მხოლოდ სამ ქვეყანაში, ახალი კორონავირუსის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობა იქნება,– ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
„პირდაპირი დიაგნოსტიკის საშუალება სადღეისოდ მხოლოდ გერმანიას, აშშ–ს და ჩინეთს აქვს, სხვა არც ერთ ქვეყანას, მაგრამ მალე, დაახლოებით, ერთ კვირაში ეს შესაძლებლობა ექნება ლუგარის ლაბორატორიასაც. ამჟამად ჩვენ გარდა გამორიცხვის მეთოდისა, დიაგნოზის დასადასტურებლად ვიყენებთ კლინიკურ გამოკვლევის შედეგებს, ასევე ჩვენს მრავალწლიან წარმატებულ გამოცდილებას. ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცენტრი ყოველთვის წარმატებულად უმკლავდებოდა მსგავს გამოწვევებს“,– განაცხადა ცერცვაძემ.
იმ პირობებში, როდესაც კორონავირუსის კონკრეტული მედიკამენტი ჯერ–ჯერობით არ არსებობს, ცერცვაძემ მკურნალობის მეთოდებზეც ისაუბრა:
„სპეციფიური მედიკამენტი, ანტივირუსული მოქმედების პრეპარატი, რომელიც კორონავირუსის ინფექციით განკურნებას იწვევდეს, არ არსებობს. მიმდინარეობს რამდენიმე პრეპარატის საცდელი გამოყენება, მაგრამ ჯერ–ჯერობით დადებითი შედეგები არაა. რაც შეეხება სხვა მკურნალობას, ესაა დამხმარე, სინდრომული მკურნალობა იმისდა მიხედვით, თუ რა ორგანოების მხრიდან გამოვლინდება დარღვევა და გადახრები. ძალიან დიდი მნშვნელობა აქვს დროულ, კვალიფიციურ და ადეკვატურ მკურნალობას. ხოლო თუ მდგომარება ძალიან დამძიმდა, მაშინ ინტენსიური თერაპიის ღონისძიებებია სააჭირო. ჩვენ ამის ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. უპირველესად, გვაქვს იმედი, რომ არ გვექნება კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევბი საქართველოში, ხოლო თუ მაინც გვექნება, მზად ვართ, ვუმკურნალოთ საერთაშორისო სტანდარტების დონეზე“.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი რჩება:
„ჩვენთან ამჟამად იმყოფება ახალგაზრდა ქალბატონი უხანიდან, ახალგაზრდა ვაჟი ჩინეთიდან და ორი ჩინელი ბავშვი - ტყუპი დები. მათ ჩაუტარდათ ყველა გამოკვლევა, რაც სტანდარტით არის გათვალისწინებული და გვაქვს ასეთი შედგები: რენდგენოლოგიური გამოკვლევით, არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის 100%–იანი გარანტია, რომ მათ არ აქვთ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ამცირებს ალბათობას, რადგან პნევმონია არის მთავარი ნიშანი ამ ინფექციის. ჩატარებული ვირუსოლოგიური გამოკვლევით, ორ მათგანს, ბავშვებს აღმოაჩნდათ „ა“ ტიპის გრიპი. დიდი ალბათობით, მათ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია არ აქვთ, თუმცა ჯერ რჩებიან სტაციონარში, დაკვირვების ქვეშ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ უახლოეს დღეებში. რაც შეეხება იმ ქალბატონს, რომელიც უხანიდან, უშუალოდ ამ ინფექციის კერიდან ჩამოვიდა, მას რენდგენოლოგიურად პნევმონია არ აქვს, ვირუსული გამოკვლევების შედეგები კი, ვინაიდან ის გვიან საღამოს მოვიდა, ჯერ არ ვიცით, ის 12-24 საათის შემდეგ, ანუ ხვალ გვეცოდინება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის:ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში უკვე 170 ადამიანს მიაღწია. „ბიბისის“ ცნობით, ვირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა ტიბეტშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი უკვე გავრცელებულია კონტინენტური ჩინეთის ყველა რეგიონში.
ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ცნობით, 29 იანვრის მონაცემებით, ფიქსირდება ვირუსით ინფიცირების 7711 დადასტურებული შემთხვევა.



