
მედია: უკრაინამ სირიაში მდებარე რუსულ ბაზაზე იერიში მიიტანა
17/09/2024 05:37:39 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ სირიაში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა, – იუწყება "Kyiv Post" წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ჯგუფ „ქიმიკოსის“ სპეცრაზმელებმა სირიის ქალაქ ალეპოს სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში მდებარე რუსულ ბაზას 15 სექტემბერს შეუტიეს. წყაროს ინფორმაციით, რუსეთი ამ ბაზას დამრტყმელი დრონების დამზადებისა და გამოცდისთვის იყენებს.
როგორც გამოცემა წერს, ამავე ბაზას რუსეთი იყენებს „კამუფლირებული თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების“ დასამზადებლად და მათი საბრძოლო ნაწილები ბაზის იმ ადგილებში ინახებოდა, რომლებსაც უკრაინელმა სპეცრაზმელებმა შეუტიეს.
Kyiv Post-მა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეოც, რომელიც გამოცემის თანახმად, უკრაინელი მზვერავის მიერაა გადაღებული და სირიაში მდებარე რუსულ ბაზაზე მომხდარ აფეთქებებს ასახავს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვას ამ ოპერაციის შესახებ ოფიციალურად ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.