თურნავას ბრძანება თუ საერთაშორისო სისტემა - ვის დირექტივას შეასრულებენ ბანკები

17-09-2024 13:03:58 კომენტარი

აშშ–მა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო საქართველოს ოთხი მოქალაქე პირველად შეიყვანა ე.წ. "მაგნიტსკის სიაში". სანქცირებულთა შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე ძალადობრივი პრორუსული "ალტ-ინფოს" დამფუძნებლები ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია. გარდა ამ პირებისა, სავიზო შეზღუდვები შეეხება ათეულობით ქართველს და მათ ოჯახის წევრებს, თუმცა ზემოთ მითითებულ პირებზე ფინანსური შეზღუდვები ვრცელდება, რაც გულისხმობს აშშ-ში ქონებისა და ანგარიშების გაყინვას და არა მხოლოდ აშშ-ში - ქართულ საბანკო სისტემას, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილს, აქვს ვალდებულება სასანქციო რეჟიმის მოთხოვნების შესრულების. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი გარემოება - აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავა საგამონაკლისო ბრძანება, რომელიც ქართული ბანკებისთვის სანქციათა რეჟიმების შესრულების წესს ცვლის. კერძოდ, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

ეროვნული ბანკი ჯერ-ჯერობით დუმს, თუმცა საქართველოს საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ კომერციული ბანკები წარსულშიც იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს:

"საბანკო სისტემა საერთაშორისო საფინანსო სისტემის განუყოფელი ნაწილია. ის განუხრელად იცავდა და დაიცავს აშშ-ის, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებს და გადაწყვეტილებებს მათთან შესაბამისობაში იღებს".

„ეს ნიშნავს იმას, რომ აღარ მოემსახურებიან სანქცირებულ პირებს. ერთადერთი, რაზეც მათ პრობლემა შეიძლება, არ შეექმნათ, არის მათი კუთვნილი თანხის ანგარიშიდან გატანა“,- განმარტავს „აქცენტთან“ „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.

„ამ შემთხვევაში, ბანკებს დიდი არჩევანი არ აქვთ: არავის სურს, მოემსახუროს სანქცირებულ პირს, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა, თავად გახდეს მეორადი სანქციების მსხვერპლი. შესაბამისად, არც ერთ ბანკს პრაგმატულად სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ იმოქმედოს სანქციების მოთხოვნების მიხედვით, სხვა შემთხვევაში, გაცილებით მეტი საფრთხის ქვეშ დადგება, ვიდრე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების არ შესრულებაა - გაცილებით მეტს კარგავენ“.

როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, ქართული ბანკები საერთაშორისო გადარიცხვებისთვის იყენებენ საკორესპონდენტო ბანკებს, შესაბანისად, ოპერაციები შუამავალი ბანკებისთვის ხილვადია.

„ყველა ტრანზაქციას შუამავალი კომპანიები ვერ ხედავენ, მაგრამ დამატებითი რისკების საკუთარ თავზე აღება არც ბანკს არ აწყობს. თავად სანქცირებული პირებისთვისაც რამდენად უსაფრთხოა ამ რეჟიმში ქართულ ანგარიშებზე თანხის ფლობა, საწჭვოა, რადგან როდის გატყვის ბანკი მომსახურებაზე უარს, არავინ იცის. მათთვის ეს უმნძიმესი დარტყმაა ფინანსურად, მით უმეტეს მათთვის, ვინც ბიზნესით არის დაკავებული“,- გვეუბნება კეპულაძე.

ვფიქრობ, მოსახლეობა გარკვეულწილად გაუგებრობაშია, შიშობენ, შემდეგ ქართული ბანკის შესაძლო დასანქცირების თაობაზე. ამ სიტუაციის განსამუხტად კარგი იყო საბანო ასოციაციის განცხადება, რომ არ მოამსახურებიან სანქცირებულ პირებს, - ამბობს ის და დასძენს, ამის შემდეგ ეროვნულბა ბანკმა უნდა დააკმაყოფილოს ინტერესი, კონკრეტულად რა ტიპის მომსახურეობას შეეხება შეზღუდვა, რადგან „გვაქსოვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება და უნდა განმარტოს, ის ამ ეტაპზე როგორ მოქმედებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები