
"შესაძლოა, ეს წარსულში მოხდა"- ირანის პრეზიდენტი უარყოფს ცნობებს რუსეთისთვის იარაღის გადაცემაზე
17/09/2024 11:28:38 მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა 16 სექტემბერს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნა უარყო.
მისი თქმით, ირანის მთავრობას მისი პრეზიდენტობის პერიოდში (მიმდინარე წლის აგვისტოდან დღემდე) რუსეთისთვის იარაღი არ მიუწოდებია.
"შესაძლოა, ეს წარსულში მოხდა, თუმცა მე შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ იმ დღიდან, როდესაც მე პრეზიდენტის ოფისი დავიკავე, რუსეთისთვის იარაღი არ მიგვიწოდებია" - თქვა ფეზეშქიანმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა მასუდ ფეზეშქიანმა 2024 წლის 6 ივლისს გაიმარჯვა, ხოლო თანამდებობას იგი ამავე წლის 28 ივლისიდან იკავებს.
ცნობისთვის, 10 სექტემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის ქალაქების დასაბომბად ბალისტიკური რაკეტები გადასცა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციათა პაკეტი დააანონსა. მანამდე ამის შესახებ დასავლური მედია წერდა.