
"უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარღვევა" - "ჰეზბოლას" წევრებს მასობრივად აუფეთქდათ პეიჯერები
17/09/2024 16:21:33 მსოფლიო
ლიბანის დაჯგუფება "ჰეზბოლას" ასობით წევრი დაშავდა მას შემდეგ, რაც ერთდროულად დაიწყეს აფეთქება პეიჯერებმა, რომლებსაც ისინი იყენებდნენ.
როგორც იტყობინებიან, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს მრავალი აფეთქება -ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ სავაჭრო ცენტრში მყოფი ადამიანს ჯიბეში უფეთქდება პეიჯერი.
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ფირას აბიადმა განაცხადა, რომ აფეთქებას რვა ადამიანი ემსხვერპლა და თითქმის 2750 დაშავდა, მათგან 200 მძიმე მდგომარეობაშია.
Reuters-ის ცნობით, დაჭრილებს შორის არიან "ჰეზბოლას" მებრძოლები და ექიმები, ასევე ირანის ელჩი ლიბანში.
ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ აფეთქებები მოიცავდა დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ რაიონს, რომელიც "ჰეზბოლას" დასაყრდენად ითვლება, ისევე როგორც ქვეყნის რამდენიმე სხვა რეგიონი.
ჰეზბოლას უსახელო ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა Reuters-ს, რომ ეს იყო ორგანიზაციის "უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარღვევა".
სააგენტო იუწყება, რომ აფეთქებები 30 წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა.
ლიბანის უსაფრთხოების წყაროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ პეიჯერები, რომლებსაც "ჰეზბოლას" წევრები იყენებდნენ კომუნიკაციისთვის, გატეხეს ისრაელის დაზვერვის სამსახურებმა. თუმცა, თავის ოფიციალურ განცხადებაში "ჰეზბოლამ" განაცხადა, რომ იძიებს აფეთქებების მიზეზებს და პირდაპირ არ ადანაშაულებს ისრაელს.
პეიჯერების აფეთქების შესახებ ინფორმაციაზე ისრაელის ხელისუფლება ჯერ კომენტარს არ აკეთებს.
ისრაელი არაერთხელ დაემუქრა სამხედრო ოპერაციით "ჰეზბოლას" და ლიბანის სასაზღვრო ტერიტორიებიდან განდევნით ჯგუფის მხრიდან მუდმივი დაბომბვის შესაჩერებლად.
"ჰეზბოლა" და "ჰამასი" ირანის მხარდაჭერას ეყრდნობიან; ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები ორივე დაჯგუფებას ტერორისტულად მიიჩნევენ.