Accentnews.ge
"ჩვენი ისტორიული, გააზრებული არჩევანი და ვექტორი რუსეთთან ინტეგრაციაა!" - ცხინვალის პასუხი "ოცნებას"

"ჩვენი ისტორიული, გააზრებული არჩევანი და ვექტორი რუსეთთან ინტეგრაციაა!" - ცხინვალის პასუხი "ოცნებას"

18/09/2024 09:47:06 კონფლიქტები, პოლიტიკა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სეპარატისტული რეჟიმი საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლების რეზონანსულ განცხადებებს უნდობლობას უცხადებს და იმეორებს, რომ "სამხრეთ ოსეთის გააზრებული, ისტორიული არჩევანი რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციაა".

ამის შესახებ დე-ფაქტო საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ოფიციალური თბილისისადმი უნდობლობის "მორიგ საფუძვლად" განიხილავს ცხინვალი იმას, რომ "2008 წლის შეიარაღებული აგრესიისთვის ოსი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდის აუცილებლობის შესახებ მმართველი პარტიის საპატიო თავმდჯოამრის - ბიძინა ივანიშვილის სიტყვები მალევე გააუფასურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ - "მკვლელებსა და ჯალათებს ეროვნება არ აქვთ და არავინ აპირებს ბოდიშის მოხდას მათთვის, ვინც ქართველ გმირებს კლავდა და აწამებდაო".

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ 2008 წლის შეიარაღებული აგრესიისთვის ოსი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდის აუცილებლობის შესახებ ივანიშვილის განცხადებას, როგორც მოსალოდნელიც იყო, მოჰყვა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვით, ამის გაკეთებას რეალურად, არავინ აპირებს. ამასთან, ბ-ნი კობახიძის განცხადება, რომელიც სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქართველ მეომრებს გმირებად თვლის, ხოლო ოსებს, რომლებიც საკუთარ მიწას იცავდნენ - მკვლელებად, სრულად შეესაბამება რეალობის საქართველოში დანერგილ დამახინჯებულ აღქმას" - ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცხინვალი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ ამ თემის აქტუალიზებას 26 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჭრილში განიხილავს და აცხადებს, რომ ქართული პოლიტიკური ძალები მას შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვის იყენებენ.

"რეალურად, ჩვენს შორის ურთიერთობების მოგვარების პერსპექტივა არაა და ვერ იქნება დამოკიდებული საქართველოში ამა თუ იმ ეტაპზე ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. სამწუხაროდ, ოსი ხალხის ისტორიაში მეტისმეტად ბევრია სისხლიანი კვალი და მოუშუშებელი იარა, რომელიც ჩვენს ხალხს ქართულმა პოლიტიკამ და პოლიტიკოსებმა დაუტოვეს" - აცხადებენ ცხინვალში და მოუწოდებენ თბილისს, "გადადგას რეალური ნაბიჯები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ზრახვების გულწრფელობას დაადასტურებდა", კერძოდ, ხელი მოაწეროს ცხინვალთან ორმხრივ, იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას ძალის არგამოყენების შესახებ, რაც, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ ოკუპირებული ამ ქართული რეგიონის "დამოუკიდებლობის" ირიბი აღიარება იქნებოდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "სამხრეთ ოსეთის განვითარების ვექტორი - ეს ისტორიულად გააზრებული აჩევანია, რომელიც რესპუბლიკასა და მთელს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტ რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო და ინტეგრაციული კავშირების ყოველმხრივი გაღრმავების აუცილებლოითაა განპირობებული".

ცნობისთვის: ამ თემას დღეს მოსკოვიდან გრიგორი კარასინიც გამოეხმაურა, რომელმაც "ოცნებას" "პოლიტიკური სიმწიფე" მოუწონა და საქართველოს მოსახლეობას 26 ოქტომბრის არჩევნებზე "პასუხისმგებლიანი არჩევანის გაკეთებისკენ" მოუწოდა, თუმცა მინიშნებაც კი არ გაუკეთებია რუსეთის მიერ საქართველოსთვის ოკუპირებული რეგიონების დაბრუნების საკითხის განხილვაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S