
რუსეთი საქართველოში ჰესების მშენებლობას გეგმავს
18/09/2024 11:00:28 პოლიტიკა, ეკონომიკა
რუსეთს საქართველოში მცირე ჰესების მშენებლობა სურს. ამის შესახებ სახელმწიფო კორპორაცია "Русатом сервис"-ის გენერალურმა დირექტორმა ევგენი სალიკოვმა განაცხადა.
"საუბარია მცირე - 10 მვტ-მდე სიმძლავრის ჰესებზე. ვაპირებთ მშენებლობას რუსეთის ყველა რეგიონში, ასევე სამეზობლოში. ჯერჯერობით გვაქვს ერთი უკვე ხელმოწერილი კონტრაქტი - ყირგიზეთთან, რომელთანაც კიდევ ერთი ჰესის მშენებლობაზეც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, თუმცა გეგმაში გვაქვს ასევე ჰესების მშენებლობა საქართველოსა და სომხეთშიც" - განაცხადა სალიკოვმა.
მისივე თქმით, კორპორაცია ჰესების გარდა, ბიოაირის სადგურების მშენებლობის მიმართუებითაც მუშაობს და პირველი ასეთი სადგური ყაზახეთში აშენდება.
"აქცენტმა" რუსეთის მიერ საქართველოში ჰესების შესაძლო მშენებლობის შესახებ კითხვით შესაბამის ქართულ უწყებებს მიმართა და პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით ინფორმაციას.