ივა ჭყონია: მჯერა, ბანკები სწორ ნაბიჯს გადადგამენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური ინსტიტუტები ჩამოიშლება

18-09-2024 17:35:46 პოლიტიკა ,საზოგადოება ,ეკონომიკა

"სანქციებს თუ არ დაექვემდებარა ეროვნული ბანკი, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ კომერციული კერძო ბანკები სწორ ნაბიჯს გადადგამენ", - ამბობს "აირჩიე ევროპას" დამფუძნებელი ივა ჭყონია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, საქართველოს ფინანსური სექტორი ჩამოიშლება:

"ეს სანქციები დაწესებულია კონკრეტული ადამიანების და არა ქართველი ხალხის მიმართ. სანქციები დაწესებულია პერსონალურად იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქართველი ხალხის მიმართ ჩადიან დანაშაულს. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რამდენად სახიფათოა ეს ვითარება მომავლისთვის. სანქციებს თუ არ დაექვემდებარა ეროვნული ბანკი, ეს იქნება ძალიან ცუდი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ კომერციული კერძო ბანკები სწორ ნაბიჯს გადადგამენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში ფინანსური ინსტიტუტები ჩამოიშლება და ზედმეტი იქნება საუბარი ინვესტიციებზე, ან ქვეყნის განვითარებაზე. თუ ჩვენ არ შევასრულეთ სანქციის ვალდებულებები, საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექნება ბიზნესსაც და ქვეყანასაც", - თქვა ჭყონიამ.

აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის დაანონსების შემდეგ სანქციების მორიგი ტრანში გამოაცხადა. კერძოდ, ამეჯრად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო საქართველოს ოთხი მოქალაქე პირველად შეიყვანა ე.წ. "მაგნიტსკის სიაში". სანქცირებულთა შორის არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე ძალადობრივი პრორუსული "ალტ-ინფოს" დამფუძნებლები ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია. გარდა ამ პირებისა, სავიზო შეზღუდვები შეეხება ათეულობით ქართველს და მათ ოჯახის წევრებს.

17 სექტემბერს ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა, შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეხვდა აშშ-ის ელჩს საქართველოში მასთან იგივე გაიმეორა. გარდა ამისა, როგორც მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, "აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა", რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული "ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს".

17 სექტემბერს საბანკო ასოციაციაში აღნიშნეს, რომ კომერციული ბანკები წარსულშიც იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.

თუმცა, გასულ წელს, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებით სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი 18 სექტემბერს ამ ბრძანების შეხსენებით გამოვიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები