სახალხო დამცველი კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება

18-09-2024 23:08:05 საზოგადოება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება.

„მინდა, მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი. ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს“, – წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.

დღეს თბილისში ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.

მკვლელობა დიდ დიღომში მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები