
დეპუტატი ოდიშარია: ამ ტრაგედიით მანიპულირება მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ვიღაცას აწყობდა კიდეც
19/09/2024 08:18:54 პოლიტიკა, საზოგადოება, ციტატა
„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და ამ ტრაგედიით მანიპულირება, თან ასე მოკლე პერიოდში, მე მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ვიღაცას აწყობდა კიდეც, ამ კანონის მიღების ფონზე მომხდარიყო რაღაცა ისეთი საზარელი ფაქტი, როგორსაც ჰქონდა გუშინ ადგილი. [...]
ადამიანის ტრაგედიაზე პარატიზირება და ასეთი უპასუხისმგებლო მყისიერი გამოხმაურება, ხელის გაშვერა ქართული ხელისუფლებისაკენ იმის გამო, რომ იქნა მიღებული კანონი, ჩემის აზრით და ღრმა რწმენით, არის უზნეობა“,- თქვა ჟურნალისტებთან დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ბექა ოდიშარიამ.
17 სექტემბერს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონი მიიღო. ამ კანონს გულისხმობდა ბექა ოდიშარია.
18 სექტემბერს საკუთარ სახლში 37 წლის ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი კ.ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაკავებულს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.