რატომ გააძევეს ორი რუსი დიპლომატი? – ვინ არიან დიმიტრი იაროშენკო და ალექსანდრ ხვატოვი

31-01-2020 15:40:47 ანალიზი

24 იანვარს, ბულგარეთმა გადაწყვიტა მორიგი ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევოს. ეს კვლავ ჯაშუშობისა და დიპლომატებისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო მოხდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და კრემლი შოკირებულები არიან, რადგან უმცროსმა სლავმა ძმებმა სამი თვის წინაც ქვეყნიდან რუსი დიპლომატი ვლადიმერ რუსიაევი გაუგდეს.

აშკარაა, რუსი დიპლომატების უკანონო და დანაშაულებრივი საქმიანობაზე რეაგირება ბალკანეთში ძალიან გამძაფრებულია, რუსებს აღარაფერს პატიობენ.

ამჯერად, ბულგარეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის კანონმდებლობის უხეშ დარღვევაში სოფიაში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების პირველ მდივანს და რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის თანამშრომელს დასდო ბრალი. ისინი პერსონა ნონ გრატად ოფიციალურად გამოაცხადეს. ბულგარულ მედიაში გაჟღერდა მათი ვინაობაც-ესენი არიან დიმიტრი იაროშენკო და ალექსანდრ ხვატოვი, რომლებიც სინამდვილეში „СВР“-ის ოფიცრები არიან. „СВР“-ი რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურია. ირკვევა, რომ დიმიტრი იაროშენკო იმ განყოფილება „ს“-ის ოფიცერია, რომელიც უფრო მეტად ცნობილია სახელწოდებით „არალეგალების“ განყოფილება. როგორც ბულგარეთის პროკურატურა აცხადებს, რუსეთის საკონსულოს პირველი მდივანი იაროშენკო ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია საარჩევნო პროცესის მექანიზმების შესახებ. ამას გარდა, როგორც განყოფილება „არალეგალების“ კურატორი ოფიცერი, ის თავის თანამდებობას საელჩოში, ბულგარეთის მოქალაქეებისგან „СВР“-სთვის საჭირო ინფორმაციის შესაგროვებლად იყენებდა. მისი ძირითადი მიზანი იყო რუსი მზვერავი ოფიცრებისთვის სხვა და სხვა ქვეყნებში ჩასანერგად ყალბი დოკუმენტების დამზადება. ბულგარეთის პროკურატურაში აცხადებენ, რომ იაროშენკო სახელმწიფოსთვის სხვა მნიშვნელოვან ინფორმაცისაც ხარბად „ეწაფებოდა“. ალექსანდრე ხვატოვი კი როგორც რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობაში დასაქმებული პირი, ძირითადად ინფორმაციას ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების თაობაზე აგროვებდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საელჩო ბულგარეთში და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარის გამო ძალიან აღშფოთებულები არიან, ოფიციალურ გამოხმაურებაში აღნიშნავენ, რომ ბულგარეთის პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. განსაკუთრებულ მედია აღშფოთებაში ხაზს იმას უსვამენ, რომ ბულგარეთის ხელისუფლებამ ჯერ საჯარო სივრცეში გააკეთა განცხადება, ხოლო რუსეთის საელჩოს ოფიციალური ნოტით მხოლოდ ამის მერე მიმართა. კრემლში ამბობენ-ეს, რა წესია? ასე მოქცევა ორ ძმურ სახელმწიფოს შორის ტრადიციულად კონსტრუქციულ ურთიერთობას არ შეესაბამებაო!ძალიან საინტერესოდ არის ერთმანეთზე გადაბმული ოქტომბერში ბულგარელი სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი ჯაშუში ვლადიმერ რუსიაევის საქმიანობა და ახლა-იანვარში გამოვლენილი ორი „ჩეკისტის“ კონტაქტები. პირველ შემთხვევაში, დადგინდა, რომ სოფიაში მოქმედი რუსეთის ფედერაციის საელჩოს პირველი მდივანი ,, СВР’’-ს ფარული ოფიცერი ვლადიმერ რუსიაევი ბულგარეთის მთავრობის წევრების გადაბირებას ცდილობდა. ჯაშუში მათ სახელმწიფო საიდუმლოებების, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის, ნატოს თუ სხვა ქვეყნების შესახებ გასაიდუმლოებული ინფორმაციის მოწოდებას ითხოვდა.ბულგარეთში მაშინ აცხადებდნენ, რომ ამ ოფიცერზე ბულგარეთის სპეცსამსახურები მოძრაობა ,,რუსოფილი’’-ს ხელმძღვანელის ნიკოლაი მალინოვის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ მიიყვანა. ეს მალინოვი ბულგარეთის ხელისუფლებამ ჯაშუშობის ბრალდებით 2019 წლის სექტემბერში დააკავა. „რუსოფილი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბულგარეთში 2003 წლიდან არსებობს. „ძალიან“ არასამთავრობო ორგანიზაციის მიზნებს შორის არის ბულგარეთის გაძლიერება რუსეთთან თანამშრომლობის შედეგად, ასევე ბულგარელ და რუს ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავება. „რუსოფილი“ კარგად დაფინანსებული და ქმედითი ორგანიზაციაა-იმის გარდა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, აქციებს ატარებენ, ასევე აწყობენ „საყვარელ“ საბავშვო კონკურსებს, შაბათობებს, თეატრალურ და ლიტერატურულ საღამოებს, აფინანსებენ ბალეტ „გედების ტბის“ დადგმებს და რუსულ კულტურას აცოცხლებენ ბულგარეთში. ანუ არიან საოცრად „белые и пушистые”.

ორგანიზაციის ხელმძღვანელ ნიკოლაი მალინოვს, რომელიც ბულგარეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატია, ჯაშუშობაში ბრალი სექტემბერში წარუდგინეს. ბულგარეთის გენერალური პროკურორი აცხადებდა, რომ გამოძიების ინფორმაციით, მალინოვი, რომელიც რუსეთის ორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა, გადასცემდა მათ იმ ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა. საუბარია საზოგადოება „ორთავიანი არწივი“, რომელსაც რუსი ბიზნესმენი კონსტანტინ მალოფეევი ხელმძღვანელობს. არსებული ცნობებით, მალოფეევი აფინანსებდა ანტი უკრაინულ სამხედრო გამოსვლებს ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთში. რაც შეეხება ნიკოლაი მალინოვს, ის თავის საჯარო განცხადებებში ხშირად მიესალმებოდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და ნატო-ში ბულგარეთის გაწევრიანების წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა. ფაქტია, რომ ბულგარეთში დასაქმებულ რუს „დიპლომატებთან“ საქმიან-მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მალინოვს, რომელიც ჯაშუშთა სკანდალის დროს, შინაპატიმრობაში აღმოჩნდა, ბულგარულმა სასამართლომ რამდენიმე დღით ქვეყნის დატოვების უფლება მისცა. ის დედა-რუსეთში ჩავიდა. 4 ნოემბერს ვლადიმერ პუტინმა „მეგობრობის“ ორდენი გადასცა. ეს ჯილდო კრემლის მიერ გადაეცემება ხოლმე „განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მშვიდობის, ხალხებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და პატივისცემის დანერგვის საქმეში“; ანუ „რუსოფილის“ ხელმძღვანელმა ისე კარგად იჯაშუშა, რომ მშვენიერი ჯილდოც დაიმსახურა. ბულგარეთში დაბრუნების შემდეგ ამბობდა, რომ პუტინისგან ჯილდო იმიტომ მიიღო, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბულგარელ ხალხს კვლავ უფროსი მეგობრის ხელს უწვდის, წრფელი მეგობრობა უპირველეს ყოვლისაა!მაგრამ, როგორც ჩანს, ბულგარელები პუტინის ასეთ ჟესტებს აღარ უჯერებენ, ადგნენ და ახლა კიდევ ორი რუსი დიპლომატი გაუძევეს. მიზეზი ისევ და ისევ ის არის, რომ კრემლი მეგობარ ქვეყნებსაც კი უკვე ძაღლად არ აგდებს, თავისი მარგინალური მიზნების მისაღწევად ცინიკურად იყენებს „გედების ტბასაც“ და ,,СВР’’-ს ერთნაირად, სუვერენული ქვეყნების კანონებს თელავს და ადამიანებს თვალებში ნაცარს აყრის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები