გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტენდენცია საქართველოში – GDI–ს ანგარიში
31/01/2020 12:11:04 სამართალი
არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) გამოაქვეყნა ანგარიში „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“. ანგარიშში თავმოყრილია ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კონკრეტული მაგალითები და აჩვენებს ტენდენციას.
დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 2019 წლის განმავლობაში აქციებზე აქტივისტების დაკავებას და დასდება, როგორც კრიტიკული აზრის ჩახშობის მექანიზმი.
ანგარიშის თანახმად, სამართალდამცავების განსაკუთრებით მკაცრი მიდგომა ხელისუფლებისადმი კრიტიკული აზრის გამომხატველი მანიფესტაციის მიმართ ცხადყოფს, რომ მათი ქცევა არა სამართალდარღვევაზე რეაგირებას, არამედ გამოხატვის შინაარსის შეზღუდვის მიზანს ემსახურება და აქცენტი ძალოვანი სტრუქტურების მიერ მანიფესტანტთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე კეთდება.
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა დაკავების დროს სამართალდამცავები ფორმალურად უთითებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღკვეთის ან/და სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოტივზე, უკანასკნელ პერიოდში სამოქალაქო აქტივისტთა დაკავების ტენდენცია, ნათლად აჩვენებს, რომ კანონი არა მასში განცხადებული მიზნების უზრუნველსაყოფად, არამედ კრიტიკული აზრის ჩასახშობად და მის შესაკავებლად გამოიყენება. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ამგვარი მიდგომა მსუსხავი ეფექტის მატარებელია მომავალში იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც მართალია აქვთ პროტესტის განცდა, თუმცა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შიშით თავს იკავებენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისაგან.
ანგარიშში მოხვდა ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ირგვლივ განვითარებული მოვლენები; ასევე მედიასთან დაკავშირებული საქმეები, მათ შორის პროცესები, რომელიც წარიმართა ტელეკომპანია „კავკასიის“, „ტვ პირველის“ ირგვლივ წარიმართა; „აქცენტი ჰოლდინგის“ საქმე. „აქცენტს“ ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სასამართლო დავა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან. „აქცენტი“ ითხოვდა შემდეგი სახის ინფორმაცია: 2018 წლის განმავლობაში, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი სხვა სტრუქტურული ერთეულების თითოეული თანამშრომლის მიერ აღებული თანამდებობრივი სარგოს, პრემიის, დანამატის შესახებ ინფორმაცია; თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, მერი გულუაშვილმა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და მოპასუხეს დაავალა 2018 წლის განმავლობაში, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლის მიერ აღებული თანამდებობრივი სარგოს შესახებ ინფორმაციის გაცემა.
GDI-ის შეფასებით, შემაშფოთებელია მმართველ წრეებში გამოვლენილი ტენდენცია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აღკვეთის მოტივით გამოხატვის თავისუფლების მზღუდავი რეგულირებების დაწესებასთან დაკავშირებით.
“ხელისუფლების მცდელობა ერთი შეხედვით კეთილშობილური მიზნებით შეამციროს და დამატებით სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლები, რეალურად უნდა განიხილებოდეს, როგორც სწორედ უმრავლესობის მიმართ კრიტიკული აზრის შეზღუდვის ბერკეტების განმტკიცების მცდელობა. ფაქტია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან პრობლემებს ვაწყდებით ქვეყანაში. ტენდეცია აჩვენებს, რომ ხელისუფლების ყველა შტო ერთობლივად ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მოთოკოს მისდამი კრიტიკული აზრის არსებობა საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრებით, ადმინისტრაციული პრაქტიკისა თუ, სასამართლოსგადაწყვეტილებების გზით, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებასთან”, – ნათქვამია ანგარიშში.


