მალხაზ მაჩალიკაშვილი – კესარია აბრამიძეზე: ძალიან მტკივა ის ყველა სისხლის წვეთი, რომელიც სხვისი ხელით მხეცურად იღვრება, სულ ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა

19-09-2024 16:04:18

მალხაზ მაჩალიკაშვილი ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

“არის ორი დიდი გაუსაძლისი ტკივილი. ეს ორივე დიდი ტკივილი კი შენი ახლობელი ადამიანის დაკარგვას უკავშირდება. ამ დიდ ტკივილშიც არის ისევ დიდი სხვაობა. არის ადამიანი, რომელიც თავისი სიკვდილით კვდება და გტკივა გაუსაძლისად. არის ტკივილი, ვინმე მხეცი მოგიკლავს ახლობელს თუ ოჯახის წევრს, როცა სრულიად არ ელოდები მსგავსი უბედურება დაგატყდება თავს. ეს ტკივილი ბევრად უფრო დიდი ტკივილია, ვიდრე ის ტკივილი რომელიც ავღნიშნე. ადამიანი მხეცია და მხეცზე უარესი.

როგორ შეიძლება, ასეთ მშვენიერებას ასე უმოწყალოდ მოექცე, ამაყობდე შენში, რომ მისნაირი მშვენიერ არსებასთან კონტაკტობ და ამავე დროულად გრცხვენიდეს შენი საქციელისა. ძალიან მტკივა ის ყველა სისხლის წვეთი, რომელიც სხვისი ხელით მხეცურად დაიღვარა,იღვრება და დაიღვრება. სისასტიკეა, როცა შენ ფიქრობ სახელმწიფო გიცავს, მაგრამ მას შენთვის არ სცალია და კიდიხარ.

ამ გოგონას ვიცნობდი საკმაოდ ახლოს, გუშინ აქეთ რაც ეს ამბავი გავიგე, სულ ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა. მე გავბედავ და ხელს ჩამოგართმევთ, ვიცი შენ სხვებს არ გავხარ. ან რატო არ უნდა გაებედა ჩემამდე მოსვლა, ისიც, მეც, შენც ხომ ყველა ერთი ღმერთის შექმნილი ვართ. ღმერთმა თავად ხომ ყველაზე კარგად იცის, ვის ქმნის და რატომ ქმნის. მე ამ დიდი მწუხარების მოზიარე ვარ", – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

18 სექტემბერს საკუთარ სახლში 37 წლის ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე მოკლეს. გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კ.ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა", – აცხადებენ შსს–ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებულს 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები