ხაზარაძე: გუშინ მივაღწიეთ პრინციპულ შეთანხმებას, დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად

19-09-2024 16:41:10 პოლიტიკა

„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან კოალიციის სახელით პარტიასთან „საქართველოსთვის“ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მიდიოდა, როდესაც გიორგი გახარიას პარტიის განცხადება წაიკითხა, „რომ შეთანხმება ვერ მოხერხდა“.

მისთვის ბუნდოვანია მიზეზები.

„გუშინ მივაღწიეთ პრინციპულ შეთანხმებას. დღესაც გითხარით, რომ ჩვენი კოალიცია მზადაა ხელმოსაწერად და იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. ოთხი საათი იყო დაწყებული, მე ვნახე განცხადება, რომელიც გახარიას პარტიამ გამოავეყნა. კიდევ ერთხელ ვადასტურებ პრინციპებზე შეთანხმებას და ეს არის: ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროპულ გზაზე, „ქართული ოცნების“ გასტუმრება, ძლიერი კოალიციის შექმნა - ამაზე და ყველა სხვა პირობებზე მე მზად ვარ...

ტრაგედია არ იქნება[შეუთანხმებლობა], მაგრამ მომენტუმი იქნება გაშვებული. ვფიქრობ, ქვეყანას დღეს სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე ტექნიკური საკითხებია და ა.შ. მე და ბადრიმაც ეს შევძელით“,- თქვა მედიასთან ხაზარაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ და დამაზუსტებელ კითხვაზე გაიმეორა, „რადგან დღეს მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით“.

„ძალიან ბევრი დოკუმენტი გამიფორმებია. ბოლო მომენტამდე არის ვნებათაღელვა, მაგრამ ეს მთავრდება, როდესაც ხელმოწერა ხდება. ჩვენ ხელმოწერისთვის მზად ვიყავით, როდესაც დავრტოვე პრეზიდენტის სასახლე. [რა შეიცვალა] არ ვიცი. შეიძლება, ასე ჩათვალეს ამ ეტაპზე. მე პატივს ვცემ კოალიციის იმ წევრებს, რომლებიც ჩვენთან არიან. ჩვენ გამოვედით ერთიანი პოზიციით. პარიტეტი ჩვენს შორის - ყოფილ ლელოსა და გახარიას პარტიას შორის არის, მოლაპარაკებულია. ასევე ცალკე სუბიექტები, რომლების შემოვიდნენ კოალიციაში „ძლიერი საქართველო“, ისინიც უნდა იყვნენ გათვალისწინებული, როგორც დიდი ჯგუფის ნაწილი. მეტი დეტალი აღარ არის საჭირო, მე მგონი, ყველაფერი გასაგებია“,- თქვა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები