
„ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ უპრეცედენტო დამოკიდებულება აქვს, ხაზარაძემ კი ტრადიციულად, ემოციურად იჩქარა“
30/05/2019 10:13:09 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, ეკონომიკა
საქართველოს ვიცე-პრემიერ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ხელისუფლებას ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ უპრეცედენტო დამოკიდებულება აქვს, მამუკა ხაზარაძემ კი ტრადიციულად, ემოციურად იჩქარა“.
„ჩვენ ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება, მთელ სამთავრობო სტრუქტურებს. მათ შორის, ამ პროექტისთვის არის შექმნილი უნიკალური პირობები, არაერთი მხარდამჭერი და კომპრომისული გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმისთვის, ამ პროექტის განხორციელებას არანაირი საფრთხე არ შეექმნას. უშუალოდ სახელმწიფო აპირებს ამ მიმართულებით ინვესტიციის ჩადებას, 100 მილიონის ჩადებას, 300 მილიონზე მეტი ლარის საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნას. „რაც შეეხება ანაკლის კონსორციუმის და ბატონ მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სამწუხაროდ არაერთხელ გავქვს ნანახი მისი მხრიდან საკმაოდ ემოციური განცხადებები და ცოტა ნაჩქარევიც“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის: გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინვე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა:
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის წინასწარი ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. მისივე თქმით, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ნებართვა გასცა.
„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად - ჩემთან“, – დასძინა თურნავამ.