19-09-2024 21:23:46 პოლიტიკა
კოალიცია „ძლიერ საქართველოსა“ და პარტიას „საქართველოსთვის“ შორის მოლაპარაკებები დასრულდა. შეთანხმება ვერ შედგა. ამის შესახებ გიორგი გახარიას თანაგუნდელბა ბერდია სიჭინავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
"ეს შეთანხმება ვერ შედგა, შეგიძლიათ ჩათვალოთ და ჩვენმა საზოგადოებამ ჩათვალოს, რომ ამ შეთანხმებას უკვე წერტილი დასმული აქვს... მოლაპარაკებები დასრულდა მაშინ, როდესაც ჩვენმა პარტიამ განცხადება გაავრცელა",- თქვა სიჭინავამ "ტვ პირველის" ეთერში.
არსებული ინფორმაციით, დღის ბოლოს გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის კვლავ შედგა შეხვედრა პრეზიდენტთან, თუმცა როგორც ირკვევა, უშედეგოდ.
პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეთანხმების შესახებ მათ არ განუცხადებიათ, თუმცა ლიდერების კომენტარებიდან პოზიტიური დინამიკის არსებობა იგრძნობოდა. 19 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ერთ საათში პარტიამ "საქართველოსთვის" განცხადება გამოაქვეყნა, რომ შეთანხმება ვერ შედგა. "ძლიერ საქართველოში" ამ განცხადებას "სიურპრიზი" უწოდეს და თქვეს, რომ მზად იყვნენ პრეზიდენტის ძალისხმევით წინასწარ მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად. თავის მხრივ, გახარიას პარტიაში ხელს კოალიციისკენ იშვერენ, ამბობენ, რომ პარიტეტზე ხაზარაძეს პარტნიორებთან უნდა მიეღწია შეთანხმება და რომ მან ეს ვერ შეძლო.
"ძალიან ძნელია პოლიტიკოსისთვის იმის გაცნობიერება და საზოგადოების რისხვის მოთმენა, რომელიც შენ გატყდება იმიტომ, რომ შენი მიზეზით ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება ვერ შედგა იმიტომ, რომ შიგნით რაღაც კონსენსუსს ვერ მიაღწიე იმ პოლიტიკურ აქტორებს შორის, რომლებიც შემოიერთე. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური მოთმინებით, ყველაფრის დათმობით, მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი პოლიტიკური აქტორი გელოდებოდა, რომ მიგეტანა გადაწყვეტილება... და რომ მკითხეთ რა საკითხი იყო, ერთ-ერთი საკითხი იყო პარიტეტის საკითხი, ანუ ჩვენ, პრაქტიკულად, პარტია დავთმეთ მთლიანად, ნომერი დავთმეთ, ყველაფერი დავთმეთ და, ბუნებრივია, აბსოლუტურად სამართლიანად, რომ ასე ხდება პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს პარიტეტის პრინციპის დაცვა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს მან [მამუკა ხაზარაძემ] ვერ მოიტანა",- თქვა გახარიას თანაგუნდელმა ნათია მეზვრიშვილმა.
"პარიტეტზე შევთანხმდით 50/50-ზე - თანასწორ პოლიტიკურ საწყისებზე შევთანხმდით",- ამბობს ამასთან დაკავშირებით "ძლიერი საქართველოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.
მისი თქმით, გახარიამ "ეს შეხვედრა ჩახურა პრეზიდენტთან შეხვედრამდე [დღევანდელი] ერთი საათით ადრე". მას არ აქვს ახსნა, "რა მოხდა".