
წითლიძე ამბობს, რომ ზუგდიდში „ოცნების“ აქტივისტები დაესხნენ თავს
19/09/2024 17:29:22 პოლიტიკა
დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე აცხადებს, რომ მოქალაქეებთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავს დაესხნენ.
შემთხვევა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე 19 სექტემბრის საღამოს მოხდა.
„დევნილთა დასახლებაში ფლაერებს ვარიგებდით ახალგაზრდებთან ერთად. ველაპარაკებოდი ხალხს, რა დროსაც მოვარდა დაახლოებით 50 ადამიანი. მათ ეცვათ „ქართული ოცნების“ მაისურები. მათ შორის იყო „ოცნების“ მხარდამჭერი და სუსის აგენტი, თეონა ქარდავა. მათ დაიწყეს შეურაცხყოფა. ჰქონდათ ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა",- თქვა წითლიძემ და დასძინა, რომ "ხალხი ჩადგა ჩვენ შორის".
წითლიძემ თქვა, რომ მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად შეატყობინა. ადგილზე პოლიციელები მივიდნენ, თუმცა სამართლებრივი რეაგირების შესახებ უცნობია.