რა შემთხვევაში შეუჩერდება საქართველოს უვიზო რეჟიმი – ევროკომისიის პრეს–სპიკერი ორ მიზეზს ასახელებს
20/09/2024 06:24:01 პოლიტიკა
ევროკომისიაში განმარტავენ, რა შემთხვევაში შეუჩერდება საქართველოს უვიზო რეჟიმი.
როგორც "აქცენტს" ევროკომისიის პრეს–სპიკერმა განუცხადა, "შეფასება, რა თქმა უნდა, მოხდება იმ შემთხვევაში:
- თუ განვითარდება მოვლენები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებას;
- თუ საქართველოში დემოკრატიის შემდგომ უკუსვლას ექნება ადგილი".
მისივე თქმით, "ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მზად არის, შესაბამისად მოახდინოს რეაგირება".
"ივნისში საგარეო საქმეთა საბჭოზე წევრ სახელმწიფოებთან ერთად საქართველოში არსებული ვითარების შესახებ საფუძვლიანი განხილვა გაიმართა და ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის – ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დროებითი შეჩერების შესაძლებლობა", – განუცხადა "აქცენტს" პრეს–სპიკერმა.
იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ევროკომისია ქვეყნის მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას ყოველწლიურად აფასებს და ამ კრიტერიუმებს შორისაა ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის პრევენციის უზრუნველყოფა:
"ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მოეთხოვებოდა კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, მათ შორის ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის პრევენციის უზრუნველყოფა. ევროკომისია ყოველწლიურად აფასებს ამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას".
"ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა ასევე წარმოადგენს გაწევრიანების პროცესის ძირითად პრინციპს და შეფასდება მომავალ გაფართოების ანგარიშში", – დასძინა მან.


