მამუკა ხაზარაძე: შეთანხმების ჩაშლის გამო გახარიას მოუწევს ახსნას, რამ აიძულა, უარი ეთქვა ამ ნაბიჯზე

20-09-2024 10:38:23 პოლიტიკა

პარტიის „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას პარტიასთან მოლაპარაკებების პროცესს აჯამებს და ამბობს, რომ ამ შეთანხმების ჩაშლის გამო გახარიას მოუწევს, ახსნა-განმარტება პროცესის გულშემატკივრებისთვის.

ხაზარაძე კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას.

"ვწუხვარ, რომ ჩვენი განხილვები დასრულდა. მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე", – წერს ხაზარაძე სოცილაურ ქსელში.

მისივე თქმით, გუშინ, 18 სექტემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ის და გიორგი გახარია კონკრეტულ გეგმაზე შეთანხმდნენ, რაც იმას გულისხმობდა, რომ ორივე მხარე თანაბარ პირობებში უნდა ყოფილიყო.

"გეგმის მიხედვით, ჩვენ გავერთიანდებოდით ნომერი 9-ის ქვეშ და დავდებდით პირობას, რომ არასდროს შევუწყობდით ხელს „ქართული ოცნების” მთავრობის შექმნას, დავასრულებდით ანაკლიის პორტის პროექტს დასავლური ინვესტიციებით, რაც შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს. ამ ახალი გაერთიანების მართვა ასევე მოხდებოდა სრული პარიტეტით. მე ეს შეთანხმება განვიხილე კოალიციის პარტნიორებთან, მათ კი სრულად დამიჭირეს მხარი. ჩემი მზაობა ხელმოწერასთან დაკავშირებით გუშინვე დავაფიქსირე მედიასთან.

დღეს, მზად ვიყავი, პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე. 15:00 საათზე გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ ის ჩვენს შეთანხმებაზე უარს ამბობდა. მან მაშინვე გაავრცელა განცხადება სოციალურ ქსელში ამის თაობაზე. საღამოს კი პრეზიდენტის წინ უარი განაცხადა გუშინ შეთანხმებულ პირობებზე. მისი მთავარი არგუმენტი, ბატონი ცუცქირიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ იყო, რაც ამ მოლაპარაკებებში არასერიოზულად გამოიყურება", - აცხადებს ხაზარაძე.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ათონელის რეზიდენციაში გამართული სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარტია "საქართველოსთვის" და კოალიცია "ძლიერ საქართველოს" შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები