
კიევი: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება განხილვის, ან კომპრომისის საგანი, ყირიმი უკრაინაა, წერტილი
20/09/2024 06:44:21 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირიმის, როგორც უკრაინის ტერიტორიის სტატუსი, განხილვას არ ექვემდებარება.
მანამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა შესთავაზა განხეილათ ყირიმის გაერო-ს მანდატის ქვეშ გადაცემის საკითხი რუსეთთან ომის დასრულების მიზნით.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის ნახსენები სიკორსკი და არც ის, ვინ ცდილობს ყირიმის სტატუსის განხილვას. თუმცა ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას აქვს სათაური "ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის სამომავლო სტატუსის შესახებ მიუღებელი წინადადებების შესახებ".
"უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასოდეს ყოფილა და არ შეიძლება, იყოს განხილვის, ან კომპრომისის საგანი. ყირიმი უკრაინაა. წერტილი", - აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო ამბობს, რომ "ყირიმი არის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის სიმძიმის ცენტრი. მისი სრული აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის მთელი ტერიტორიის, მათ შორის უკრაინის ნახევარკუნძულის სრული დეოკუპაციის შემდეგ".
უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმს და სევასტოპოლს კვლავაც უკრაინის ტერიტორიებად აღიარებს.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ (2022 წლის 24 თებერვალი) რუსეთს ანექსირებული აქვს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილიც.