ზახაროვა: სომხეთმა რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის შემცირება დაიწყო

20-09-2024 20:16:32 კავკასია

სომხეთმა დაიწყო პოლიტიკური დიალოგის შემცირება რუსეთის ფედერაციასთან, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ და ტრადიციულად დაიმუქრა, "ეს შეიძლება, ცუდად დასრულდეს". რუსეთსა და ერევანს შორის ურთიერთობები საგრძნობლად დაიძაბა ყარაბაღის მეორე ომისა და სომხეთის სასაზღვრო ზონაში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტების შემდეგ, რაზეც მოსკოვს რეაგირება არ მოუხდენია. ერევანში თქვეს, რომ უსაფრთხოების სისტემებმა არ იმუშავა და რომ ალტერნატივის მოძიებაა საჭირო.

ზახაროვას თქმით, შემცირდა უწყებათაშორისი თანამშრომლობა, ამასთან, სომხეთში "გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვრცელდება", თითქოს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ სომხეთი არ დაიცვა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხაზგასმით ადანაშაულებს მოსკოვის ლიდერობით შექმნილ ორგანიზაციას უფუნქციობაში და მათ შორის, სომხეთის წინაშე ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

ზახაროვა შეუდგა მტკიცებას, რომ სიმართლეს არ შეესაბამება პრეტენზიები მოსკოვისა და „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ მიმართ.

"მიგვაჩნია, რომ ერევნიდან პერიოდულად გაჟღერებული პრეტენზიები აბსურდულია და არ შეესაბამება ფაქტებს. ისინი მუდმივად საუბრობენ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ მონაწილეობის გაყინვაზე, მაგრამ ამის საპირისპიროდ, სწრაფად დაიწყეს დასავლეთთან დაახლოება. ამაში არის გარკვეული მანიპულირება. ეკონომიკური მაჩვენებლები ერთ რამეს აჩვენებს: არის ხალხის, კომპანიების და ბიზნესის ინტერესი კავშირების დაახლოებისა და გაძლიერებისკენ, მაგრამ რატომღაც პოლიტიკური სტრუქტურა პირიქით მოქმედებს. ეს შეიძლება, ცუდად დასრულდეს“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები