"ამერიკის ხმა": აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა

20-09-2024 20:50:51 პოლიტიკა

აშშ-მა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს,- იტყობინება "ამერიკის ხმა" ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორ პირსა და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყაროზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა მიუთითებს წყაროებზე დაყრდნობით, სანქციების პაკეტზე მუშაობას ამერიკის ხაზინისა და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, - ამბობს, "ამერიკის ხმის" ცნობით ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი ანონიმურობის დაცვის პირობით.

გამოცემის ცნობით, მათთან საუბარში ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, რომ სანქციების ბაზისია 14024-ე განკარგულება, რომელსაც “აქვს ფართო უფლებამოსილებები, მასში მოხვდენ პირები, რომლებიც ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს, ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში.

"აშშ-ის მთავრობას აქვს მომზადებული სანქციების პაკეტი და მზად არის მიიღოს ის", - განუმარტავს კიდევ ერთი წყარო გამოცემას, რომელიც მათივე ცნობით, ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირია და ასევე ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე.

"იმისთვის, რომ გადაილახოს სანქციების დაწესებისთვის საჭირო ბარიერი, საჭიროა ადმინისტრაციამ დაამტკიცოს, რომ [სანქციების ობიექტის] ქმედებებმა კანონიერი ბარიერი გადალახა, რათა აჩვენოს, რომ ამ საქმიანობას რუსეთისთვის აშკარა სარგებელი მოაქვს, და ადმინისტრაციამ ეს გააკეთა", - ამბობს ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყარო.

განკარგულებით, სანქციები წესდება შემდეგ პირებზე:

  • პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში ან დეზინფორმაციულ კამპანიებში.
  • ისინი, ვინც ჩართული არიან აშშ-სა და მისი მოკავშირეების დემოკრატიული ინსტიტუტებისა თუ პროცესებისთვის ძირის გამოთხრაში.
  • ორგანიზაციები ან პირები, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში, როგორიცაა თავდაცვა და ენერგეტიკა.
  • პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ოკუპაციას ან აგრესიას უკრაინაში.
  • ყველა, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კორუფციასა და რეპრესიებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან.

„ჯერ უცნობია, თუ და როდის იქნება [პაკეტი] ამოქმედებული. მაგრამ ამისთვის საჭირო სამუშაო შესრულებულია“, - განაცხადა ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ „ამერიკის ხმასთან“, იმის მითითებით, რომ ადმინისტრაცია ჯერ კიდევ იტოვებს იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება დემოკრატიულ კურსს.

დროს, თუ როდის ამოქმედდება სანქციები, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები არ ასახელებენ. ისინი არც იმას აზუსტებენ, ეს მომავალ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მოხდება, თუ მის მერე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები