Accentnews.ge
პროკურორი: მკვლელობა ჩადენილია არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით

პროკურორი: მკვლელობა ჩადენილია არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით

20/09/2024 19:19:07 სამართალი, საზოგადოება

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, რომელსაც ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ჟურნალისტებთან თქვა, რომ ბრალდებული ბექა ჯაიანი გენდერული იდენტობიდან გამომდინარე აყენებდა შეურაცხყოფას მსხვერპლს და რომ ეს მოწმეების ჩვენებებით დასტურდება.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა იცოდა, რომ აბრამიძე იყო ტრანსგენდერი ქალი, ამავდროულად, მას არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის უფლებას.

"მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით: მოწმეები განმარტავდნენ, რომ პირველ რიგში, ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ აბრამიძე იყო ტრანსგენდერი ქალი, ამავდროულად, მას არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის უფლებას, არ აძლევდა სხვა პირებთან ურთიერთობის უფლებას, რის გამოც გამოიკვეთა როგორც გენდერის ნიშანი, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი. თავად მალავდა ამ ურთიერთობას, მისი სურვილი და მოთხოვნაც იყო, რომ ეს ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო“, - თქვა პროკურორმა.

ამასთან, მისი თქმით, ბრალდებული დასავლეთის მიმართულებით ტაქსით გაემგზავრა და სურდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა.

წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 18 სექტემბერს, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა, რის შემდეგაც აბრამიძესთან შეხვედრა განიზრახა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დაითანხმა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული დაახლოებით, 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, იქვე მდებარე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინა და სახლში ავიდა. ჯაიანმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეგობარ ქალს ჯერ ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულიდან დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით დატოვა და იქვე, ნათესავის ბინაში მივიდა, მხოლოდ სისხლიანი მაისური გამოიცვალა, ჯერ ტაქსით მივიდა მეტრომდე, შემდეგ მეტროთი იმგზავრა და კვლავ ტაქსის მეშვეობით თბილისი დატოვა. ის სენაკისკენ მიმავალი, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S