
უკრაინა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთის გარღვევის შესახებ იუწყება
23/09/2024 08:57:29 მსოფლიო
უკრაინის არმიის სადესანტო-მოიერიშე ძალების 95-ე ბრიგადის სამხედროებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთი გაარღვიეს, – იუწყება სადესანტო-მოიერიშე ძალების სარდლობა.
სადესანტო ჯარების კომუნიკაციების სამმართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ ცნობაში საზღვრის კონკრეტული მონაკვეთი დასახელებული არ არის.
ნათქვამია, რომ ეს საზღვრის გარღვევის უკვე მეორე წარმატებული ოპერაციაა რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
უკრაინის სადესანტო-მოიერიშე ძალების სარდლობამ გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელიც მისი ინფორმაციით, ასახავს საზღვრის გარღვევის ოპერაციას და უკრაინელი ტანკისტების მიერ მოწინააღმდეგის საყრდენი პუნქტის განადგურებას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის მხრიდან საზღვრის მორიგ გარღვევაზე ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.