
მედია: რუსეთი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად
24/09/2024 06:25:50 მსოფლიო
რუსეთი ქმნის გაცილებით მეტ კონტენტს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რათა გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამის შესახებ ეროვნული დაზვერვის დირექტორის (ODNI) ოფისის წარმომადგენელმა განაცხადა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, იუწყება Reuters.
დაზვერვის წარმომადგენლის თქმით, ეს არის რესპუბლიკელი კანდიდატის დონალდ ტრამპის მხარდაჭერისა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის დისკრედიტაციის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი.
ჟურნალისტების თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ რუსეთი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს კონტენტის შესაქმნელად, რომელიც მიზნად ისახავს ტრამპის შანსების გაზრდას და ჰარისისა და დემოკრატიული პარტიის პოპულარობის შემცირებას. ეს მოიცავს კონსპირაციული ნარატივების გავრცელებას.
როგორც ODNI-ის წარმომადგენელმა განმარტა, რუსეთი უფრო გამოცდილი მოთამაშეა, რომელსაც უკეთ ესმის ამერიკული საარჩევნო სისტემა და განსაზღვრავს გავლენის შესაბამის სამიზნეებს.
მისი თქმით, ერთ-ერთი მაგალითია ივლისის შემთხვევა, როდესაც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაცხადა ოპერაციის შეწყვეტა, რომელიც გულისხმობდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სოციალურ ქსელებში პრორუსული მესიჯების გასავრცელებლად.
რუსეთის გარდა, ჩინეთი და ირანი ასევე იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს გლობალურ შეხედულებებზე გავლენის მოხდენის მიზნით. თუმცა, ჯერჯერობით მათ ეს არ გამოუყენებიათ აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის, აღნიშნა დაზვერვის წარმომადგენელმა.
რუსეთი ადრე უარყოფდა აშშ-ის არჩევნებში ჩარევას. რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას.