
ერმაკი: უკრაინის NATO-ში მიწვევა "გამარჯვების გეგმის" ნაწილია
24/09/2024 11:24:38 მსოფლიო
უკრაინის „გამარჯვების გეგმა“, რომელიც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებულ შტატებში წარადგინა, შეიცავს მკაფიო ხედვას იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გადაიდგას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ნიუ-იორკში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, „გამარჯვების გეგმა“ მოიცავს როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიურ კომპონენტებს.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში მიწვევა "გამარჯვების გეგმის" ნაწილია და პარტნიორებს მოუწოდა, ესკალაციასთან დაკავშირებით რუსეთის მუქარა უგულებელყონ.
„ჩვენ უნდა გვქონდეს უპირატესობა ბრძოლის ველზე, რათა ვაიძულოთ პუტინი შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ბევრს ვცდილობთ. გემების გარეშე გავანადგურეთ შავი ზღვის ფლოტი. საჰაერო უპირატესობის გარეშე შევაჩერეთ რუსული წინსვლა უმეტესი მიმართულებებით, მათ შორის ხარკოვში. ჩვენ შიშის გარეშე დავაბრუნეთ ომი რუსეთში“, - განაცხადა ერმაკმა.
მისი თქმით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინამ იარაღის წარმოება ექვსჯერ გაზარდა, თუმცა, ჩვენ ჯერ აკლია რესურსები, ტექნოლოგიები და დრო, რათა აწარმოოს ყველაფერი, რაც სჭირდება.
მან მოუწოდა მოკავშირეებს, გაზარდონ და დააჩქარონ სამხედრო დახმარების პაკეტების მოწოდება.
"ჩვენს პრიორიტეტულ სიაშია საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, დრონები, ელექტრონული ომის ტექნიკა, შორი მოქმედების სისტემები, საარტილერიო ჭურვები“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მან ასევე ისაუბრა მეორე სამშვიდობო სამიტის ჩატარების პერსპექტივებსა და წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც მოიცავს თემატური კონფერენციების სერიას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ თითოეულ პუნქტზე.