
მედია: რუსებმა ფრონტზე ჩინური ჯავშანტექნიკის გამოყენება დაიწყეს
24/09/2024 11:31:47 მსოფლიო
რუსეთის ძალებმა ფრონტზე ჩინური ჯავშანტექნიკის გამოყენება დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, გერლანულ "ბილდ"-ზე მითითებით ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, ფრონტზე გამოჩნდა ჩინური ჯავშანმანქანა, ZFB‑05.
ამავდროულად, „ბილდ“-ის ექსპერტი ჯულიან როპკე ადასტურებს სურათების ავთენტურობას და აღნიშნავს, რომ ეს უკრაინაში ჩინური სამხედრო ტექნიკის გამოყენების პირველი მტკიცებულებაა.
„ჩინეთი უარყოფს ავტომანქანების მიწოდებას. თუმცა, არსებობს მრავალი აფრიკელი შუამავალი, რომელთა გამოყენებაც რუსეთს შეუძლია“, – წერს ჯულიან როპკე.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის ომისთვის ასობით ჩინურ ყველგანმავალ მანქანას ყიდულობს. როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში თქვეს, რუსები იყენებენ ამ მცირე ზომის, მანევრირებად მანქანებს დანაღმული ველებით სამხედრო მოქმედებების ადგილზე პერსონალის გადასაყვანად.
დასავლური მედიის ცნობით, უკრაინის ომის დროს ჩინეთი გახდა რუსეთის მთავარი მიმწოდებელი სხვადასხვა იარაღისთვის საჭირო პროდუქციის, მათ შორის რაკეტებისთვის. მაგალითად, Financial Times წერდა, რომ 2023 წელს რუსეთის მიერ იმპორტირებული ჩიპების 90% ჩინეთიდან იყო და გამოყენებულ იქნა რაკეტების, ტანკებისა და დრონების წარმოებაში. გასული წლის ბოლო კვარტალში, ბალისტიკური რაკეტების წარმოებაში გამოყენებული ჩარხების 70% იმპორტირებული იყო ჩინეთიდან.
ჩინეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არ აწვდის იარაღს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის არცერთ მხარეს, რომელსაც ისინი "უკრაინის კრიზისს" უწოდებენ.
პეკინს აკრიტიკებენ მოსკოვთან კავშირისა და უარის გამო, დაგმოს რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების გამო.