Accentnews.ge
"Sky News" საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ავლაში რუსეთის ხელშეწყობაში ამხელს

"Sky News" საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ავლაში რუსეთის ხელშეწყობაში ამხელს

24/09/2024 12:01:29 პოლიტიკა, სამართალი

საქართველო დასავლური სანქციებისთვის გვერდის ავლის საქმეში რუსეთის ხელშეწყობაში ამხილეს. ამ საკითხს ტელეკომპანია Sky News-ის საგამოძიებო რეპორტაჟი მიეძღვნა, რომლის თარგმანს რუსული მედია ავრცელებს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებიდან და ბრიტანეთიდან რუსეთში Porsche-ს, Land Rover-ის, Mercedes-ისა და "ლუქს" კლასის სხვა ავტომობილების ექსპორტი ნულამდე დაეცა, თუმცა როგორც Sky News-ის გამოძიებამ აჩვენა, წარმატებით ხერხდება სასანქციო შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა და ამას "დიდად არც არავინ მალავს".

თავად გამოძიება დაიწყო საქართველო-რუსეთის საზღვარზე გადაღებული ფოტოთი, რომელიც Sky News-ის ეკონომიკურ რედაქტორ ედ კონუეის საქართველოდან კოლეგებმა მიაწოდეს. "იქაურ არაოფიციალურ სადგომებზე იმდენი ძვირადღირებული მანქანა დაგროვდა, რამდენსაც ლონდონის ფეშენებელურ რაიონ მეიფერის ოტელებთან ან დუბაიში თუ წააწყდებით" - დაწერა მაშინ კონუეიმ და კოლეგებთან ერთად გაემგზავრა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, სადაც, მისი შეფასებით, ევროპული ავტომანქანების რუსეთში ტრანსპორტირების "რთული, მაგრამ გამართული სქემა" მოქმედებს.

"მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლიდან სანქციების გამო "ლუქს" კლასის ავტომობილების რუსეთში ექსპორტი შეწყდა, იგი ნახტომისებრად გაიზარდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი", - აჩვენა Sky News-ის კვლევამ. - სადღეისოდ ბრიტანეთიდან ამ ქვეყნებში მიწოდებები, რომლებიც წარსულში მინიმალური იყო, რუსეთში ომამდელი მიწოდებების მოცულობამდეა გაზრდილი. როგორც აზერბაიჯანის საბაჟო სტატისტიკა აჩვენებს, მკვეთრად გაიზარდა ასეთი მანქანების ექსპორტი ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის სხვა სახელმწიფოებში, საქართველოს ჩათვლით. თუმცა შემდგომში ეს მანქანები საბაჟო რადარებიდან ქრება. სტატისტიკის თვალსაზრისით, ისინი აზერბაიჯანში ან საქართველოში ჩაჰყავთ, ხოლო შემდეგ იკარგებიან. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ამ დანაშაულებრივ ჯაჭვში ფაქტობრივად, ვერც ერთ კონკრეტულ ადამიანს ვერ ამხელ, თუმცა მთლიანობაში, ეს საქმიანობა სანქციების შესახებ კანონის დარღვევის ტოლფასია" - ნათქვამია საგამოძიებო რეპორტაჟში.

"ადამიანები, რომლებსაც ძვირადღირებული ავტომობილები საქართველო-რუსეთის საზღვართან მიჰყავთ, არ არიან ინფორმირებული, საიდან მოვიდა ისინი - აზერბაიჯანიდან, თბილისის ავტოსალონებიდან, თუ ევროპიდან ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით, - იუწყება Sky News. - ისინი მანქანებს "ზემო ლარსის" საავტომობილო გამშვები პუნქტის სიახლოვეს მდებარე სადგომებზე აჩერებენ. შემდეგ იწყება საბუთების გაფორმება. და მართალია, ევროკავშირის მიერ სანქციების შემოღების შემდეგ რუსეთში მანქანების მიწოდებაზე შეზღუდვები საქართველომაც შემოიღო, მაგრამ შესაძლებელია მათთვის გვერდის ავლა. მაგალითად, შესაძლებელია მანქანის აღრიცხვაზე აყვანა სომხეთში, სანამ მას "ზემო ლარსამდე" გადაიყვანენ. გადამყვანებს ურჩევენ, საჭიროების შემთხვევაში განაცხადონ, თითქოს რუსეთის გავლით ყირგიზეთში მიემართებიან, თუმცა ყველას - პოლიციელებსაც, რომლებმაც მანქანა უნდა აღრიცხონ და ქართველ მებაჟეებსაც ესმით, რომ მანქანა რუსეთისკენ მიემართება და რუსეთშივე დარჩება... სატრანზიტო სანომრე ნიშნების მიღების შემდეგ ქართველებს მანქანები საზღვარზე გადაჰყავთ, იქ სატრანსპორტო საშუალებებს უკვე სხვა ჯგუფი იბარებს, ქართველი მძღოლები კი გამვლელი ტრანსპორტით უკან - სამშობლოში ბრუნდებიან".

საზღვრისპირა სადგომებზე რამდენიმედღიანი დაკვირვების განმავლობაში რეპორტიორებმა იქ უამრავი ძვირადღირებული მანქანა ნახეს, "ლუქს" კლასის ახალთახალი ჯიპების Mercedes G-Wagon-ისა და Lamborghini Urus-ის და Range Rover-ების ჩათვლით, მათი VIN-ნომრების მიხედვით კი დაადგინეს, რომ ეს უკანასკნელები 2024 წელს ბრიტანულ ქალაქ სოლიჰალის ქარხანაშია წარმოებული.

როგორც მოგვიანებით ჟურნალისტებს Jaguar Land Rover-ის წარმომადგენელმა განუცხადა, ავტომწარმოებელმა პროდუქციის რუსეთსა და ბელარუსში მიწოდება 2022 წელს შეწყვიტა, საქართველოში აღმოჩენილი მანქანები კი მისთვის არ იყო განკუთვნილი: "ეს მანქანები მიეწოდათ საცალოდ მოვაჭრეებს იმ ქვეყნებში, რომელთაც რუსეთთან საზღვარი არ აქვთ, ხოლო შემდეგ მიეყიდათ კლიენტებს იმ ქვეყნებიდან, რომლებზეც რუსეთის მიმართ ზუსტად ისეთივე სანქციები და საექსპორტი კონტროლის ღონისძიებები ვრცელდება, როგორიც ბრიტანეთზეო".

თუმცა საქართველოში ამ ყველაფერს დიდად არავინ მალავს, - აღნიშნავს Sky News და იქვე დასძენს:

"ყველამ იცის, რომ ეს ძვირადღირებული ევროპული მანქანები რუსეთში არ უნდა ხვდებოდეს და მაინც, ყოველდღიურად, ერთი მეორეს მიყოლებით უამრავი ასეთი მანქანა კვეთს საქართველო-რუსეთის საზღვარს. ყველამ იცის, რომ ეს ხდება, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს ამის შესჩერებლად".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S