თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი
03/02/2020 06:10:55 სამართალი
თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობას ცდილობდა, ოჯახის სხვა წევრმა კი ხელის შეშლა სცადა, რა დროსაც შემთხვევითი გასროლით დაიჭრა მისი დეიდა. მეორე ვერსიით, ინციდენტი ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა.
ცნობისთვის: შემთხვევა გუშინ მაჩაბლის ქუჩის 7 ნომერში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. ინციდენტის შედეგად ორი პირი დაიჭრა. დაშავებული ქალი და მამაკაცი ჰოსპიტალიზებულები არიან. 37 წლის მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა მკერდის არეში, ქალს კი ფეხის არეში აქვს მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ სამი მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, 124-ე, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას და 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.


