VOA: ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია

25-09-2024 04:41:07 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაერო-ს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, მიწვეულთა სიაში თავდაპირველად ფიგურირებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მას მიწვევა გააუქმა.

მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო უდასტურებს კონგრესიდან.

გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, აშშ-ის ადმინისტრაციამ უარი თქვა ყველა შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციასა და პირადად პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან. შეხვედრაზე ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა - თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

აღნიშნულ თემაზე “ამერიკის ხმასთან” საუბრისას შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი რანგის კიდევ ერთი ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ „საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს“, თუმცა იქვე დასძენს, რომ ცალკეული დიპლომატიური დისკუსიების დეტალებზეარ ისაუბრებს..

“ამერიკის ხმისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევაა, მათ შორის - ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების (“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და “აირჩიე ევროპას”) წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ასევე მმართველი ძალის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ გაკეთებული განცხადებები.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასთან უკანასკნელმა კომუნიკაციამ არ დაუტოვა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის - პირიქით, დაარწმუნა, რომ "ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.

“ამერიკის ხმა” აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარის თხოვნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, მასალის გამოქვეყნებასთან ერთად. პრემიერ-მინისტრის ოფისი, როგორც ავღნიშნეთ, პასუხად ადასტურებს მიღებაზე მოსაწვევის გაუქმებას და დასძენს, რომ "სალივანთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა".

ცნობისთვის: შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში მყოფი მსოფლიო ლიდერებისთვის ამგვარ მიღებას ტრადიციულად, ყოველ წელს მართავს. ასევე ტრადიციულად, მიღებაზე, როგორც წესი, მიწვეულნი არიან მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების ლიდერები, გარდა ისეთი სახელმწიფოებისა, როგორებიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი მიიღო, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ პროცესში, საქართველოს ათობით მოქმედ და ყოფილ ოფიციალურ პირს, ასევე მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ. შეჩერდა ფინანსური დახმარება, რომლითაც უშუალოდ საქართველოს მთავრობა სარგებლობდა. გასულ კვირას კი სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოს 4 მოქალაქეს, მათ შორის - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილსა და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე პრორუსული ძალადორივი დაჯგუფება "ალტ-ინფოს" დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიასა და ერთ-ერთ ლიდერ ზურაბ მახარაძეს.

გასულ კვირასვე „ამერიკის ხმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე შემუშავებული აქვს სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მათ უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, სანქციების პაკეტზე მუშაობას აშშ-ის სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, - განაცხადა გამოცემის ჟურნალისტთან სატალეფონო საუბარში ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვის პირობით.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 სექტემბერს ნიუ-იორკში, ქართული მედიის ნაწილთან საუბრისას განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ. „გრძელდება შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - ასე გამოეხმაურა პრემიერი ინფორმაციას ივანიშვილის შესაძლო სანქცირების თაობაზე. „თქვენ იცით, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ევროპაში $2 მილიარდი, თუმცა ახლა გრძელდება შანტაჟი უკვე სხვა ფორმით: ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერც ასე და ვერც ისე, ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს, მიზანი კი ყველამ იცით - უნდათ, აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული ვერც ახლა. ვერ ისწავლეს რეალურად ის, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს ვერც წლების შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს შანტაჟიც არის განწირული წარუმატებლობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

მანამდე, 18 სექტემბერს, პოლიციის ორი მაღალჩინოსნის დასანქცირებაზე საუბრისას კი პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება "მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები აშშ-ის ადმინისტრაციაზე". "ანუ ბაიდენის მიერ მიღებული არ იქნება ეს გადაწყვეტილება. მე ასე მგონია, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში“, - თქვა კობახიძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები