25-09-2024 10:30:39 კავკასია
24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის, იუწყება სომხეთის მთავრობის პრესსამსახური.
შეხვედრაზე ლიდერებმა დეტალურად განიხილეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში უკვე გადადგმული ნაბიჯები და არსებული შეთანხმებები. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, გააგრძელონ ეს პროცესი წინაპირობების გარეშე და ახალი იმპულსი მისცენ ორმხრივ ურთიერთობებს. რა იგულისხმება "ახალ იმპულსში", ამ ეტაპზე უცნობია. ეს შეიძლება იყოს საზღვრის კვეთის საკითხი.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონულ საკითხებს. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა პრეზიდენტ ერდოღანს მიაწოდა ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში არსებული ვითარების შესახებ. მან დაადასტურა სომხეთის მზადყოფნა, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის.
გარდა ამისა, ფაშინიანმა წარმოადგინა სომხეთის მთავრობის ინიციატივა სახელწოდებით „მშვიდობის გზაჯვარედინზე“, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში "სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას". მანამდე ეს ინიციატივა ფაშინიანმა საქართველოდან გააჟღერა. ინიციატივა რეგიონული გზების გახსნას გულისხმობს თანასწორუფლებიან და სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობებში.
თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია, – თავის მხრივ, თქვა ერდოღანმა.
თურქეთის საკომუნიკაციო დირექტორატის ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ „თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარებას და ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობის ჩამოყალიბებას.“ თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა მზადაა, დაეხმაროს ამ პროცესში.
ერდოღანმა ასევე გამოხატა „გულწრფელი მხარდაჭერა“ სომხეთთან დიალოგის პროცესის გაგრძელებისთვის.