Accentnews.ge
რიში, შაჰინი, რიკეტსი და კარდინი: "ეკა გიგაურის შესახებ გაკეთებული განცხადება ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად იყენებენ"

რიში, შაჰინი, რიკეტსი და კარდინი: "ეკა გიგაურის შესახებ გაკეთებული განცხადება ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად იყენებენ"

25/09/2024 15:20:06 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორები ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, პიტ რიკეტსი და ბენ კარდინი ანტიკორუფციული ბიუროს გუშინდელ განცხადებას ეხმიანებიან და მიიჩნევენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური ისჯება მისი განცხადების გამო, რომელიც მან 12 სექტემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე გააკეთა".

მათი შეფასებით, "გუშინ გაკეთებული განცხადება ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად".

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „აირჩიე ევროპა“ "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" სცნო. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ემზადებიან საქართველოში მოახლოებული არჩევნების მონიტორინგისთვის, მაგრამ არ არიან მონაწილეები საარჩევნო კონკურსში. ეს ორგანიზაციები მხარს უჭერენ დემოკრატიას, მიუხედავად იმისა, თუ ვის აძლევს ხმას ხალხი.

არაკეთილსინდისიერია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური ისჯება მისი განცხადების გამო, რომელიც მან 12 სექტემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე "ანტიარასამთავრობო ორგანიზაციების კანონების და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტების" შესახებ გააკეთა.

ეკა გიგაურის შესახებ გუშინ გაკეთებული განცხადება ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად", – ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის: ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად".

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "მათზე უნდა გავრცელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები".

ამავე თემაზე: კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირს“: "პრემიერი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S