Accentnews.ge
მოსკოვის ცივი შხაპი ივანიშვილს: რუსეთი არ აპირებს, თბილისს პროდასავლურ კურსზე უარის თქმის სანაცვლოდ ტერიტორიები დაუბრუნოს

მოსკოვის ცივი შხაპი ივანიშვილს: რუსეთი არ აპირებს, თბილისს პროდასავლურ კურსზე უარის თქმის სანაცვლოდ ტერიტორიები დაუბრუნოს

25/09/2024 16:05:11 კონფლიქტები, პოლიტიკა

მოსკოვი საქართველოსთვის არც აფხაზეთის დაბრუნებას აპირებს, არც ცხინვალის რეგიონის და არც სოხუმსა და ცხინვალთან დაახლოების საქმეში თბილისის ხელშეწყობას გეგმავს. ამის ნაცვლად ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოს პუტინის იმპერიაში - "რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში" იწვევს, რომლის შემადგენლობაშიც სოხუმსა და ცხინვალსაც ხედავს, ოღონდ "დამოუკიდებელი ქვეყნების" სტატუსში.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იდეა არახალია: ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იგი რუსეთის ექს-პრემიერმა და ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა გააჟღერა, დაწერა რა სოცქსელში, "საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ ერთ შეთხვევაში - რუსეთის შემადგენლობაში შეიძლება, დაიბრუნოსო". ამ შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, საუბარი იყო გამთლიანებული საქართველოს "რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში" გაწევრიანებაზე.

მოგვიანებით მოსკოვი კიდევ უფრო შორს წავიდა: მისმა მოკავშირემ - ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელიც მინსკში აფხაზი სეპარატისტების ლიდერ ასლან ბჟანიას მასპინძლობდა, განაცხადა: "თქვენც, ჩვენც, ოსებიც და ქართველებიც რაღაცნაირად უნდა შევიკრათ, შევკოწიწდეთ რუსეთის ირგვლივო". და აქ "საკავშირო სახელმწიფოში" გამთლიანებული საქართველოს გაწევრიანების იდეა აღარ იკვეთებოდა ისე აშკარად, როგორც მედვედევის განცხადების შემთხვევაში.

გავიდა კიდევ რამდენიმე წელი. ოკუპანტი რუსეთისადმი "სტრატეგიული თმენის" პოლიტიკა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას 12 წლის წინ ქვეყნის სათავეში მოსვლის დღიდან ჰქონდა დეკლარირებული და "პრაგმატულად" ფასდებოდა, სულ უფრო მეტად ტრანსფორმირდებოდა მოსკოვისადმი ლოიალობაში, რომელმაც ბოლო დროს ფაქტობრივად, ღია, დაუფარავი სახე მიიღო. თუმცა "ოცნების" ამ ლოიალობის საპასუხოდ ჩვენს ქვეყანას მოსკოვისგან კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით ამ დრომდე არაფერი მიუღია და როგორც ირკვევა, არც არაფრის მოცემას აპირებს. მეტიც, მედვედევის მიერ წლების წინ გაჟღერებული ინიციატივა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა "რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აღედგინა", გარდაიქმნა იდეად - საქართველო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე შეუერთდეს პუტინის ახალ იმპერიას სახელად "საკავშირო სახელმწიფო", რომელშიც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ასევე "დამოუკიდებელი ქვეყნების" სტატუსით იქნებიან წარმოდგენილები.

სწორედ ამაზე მიანიშნა გასულ კვირას მოსკოვის კარნახით ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ყოფილმა დე-ფაქტო ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, რომელმაც შემოგვთავაზა, "როგორც საერთაშორისო სამართლის დამოუკიდებელი და თანასწორუფლებიანი სუბიექტები, როგორც ქრისტიანული რესპუბლიკები, შევიდეთ რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში".

დღეს კი ეს იდეა უკვე უშუალოდ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა - სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული კავშირებისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმა გააჟღერა.

"რუსეთში არავინ აპირებს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება აიძულოს. როცა ამას ვამბობ, ვეყრდნობი ამ სახელმწიფოების მოქალაქეების სუვერენულ უფლებასა და არჩევანს. ჩემი შთაბეჭდილებით, არც აფხაზეთში, არც სამხრეთ ოსეთში არიან საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების მომხრეები - თუნდაც ფართო ავტონომიის მინიჭების პირობით, რომელსაც ხანდახან თბილისში ახსენებენ" - განაცხადა ზატულინმა კრემლის პროპაგანდისტული გამოცემა Украина.ру-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ იგი ვრცლად გამოეხმაურა საქართველოს ფაქტობრივი მმართველის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის 14 სექტემბრის რეზონანსულ განცხადებას 2008 წლის ომის გამო ოსებისთვის "ბოდიშის მოხდის", "დანაშაულის აღიარებისა" და დამნაშავეთათვის "ნიურნბერგის პროცესის მოწყობის" თაობაზე, ასევე "ოცნების" წინასაარჩევნო ნარატივს "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობის ნებისმიერ წუთს შესაძლო გაჩენის" შესახებ, რის საფუძველზეც მმართველი გუნდი მოსახლეობისგან საკანონსტიტუციო უმრავლესობის მანდატის მინიჭებას მოითხოვს:

"პოზიტიურად ვაფასებ ივანიშვილის განცხადებას, მის სურვილს, ოსების წინაშე ბოდიში მოიხადოს, რითაც არ უნდა ხელმძღვანელობდეს იგი - თუნდაც პოლიტიკურ ოპონენტებთან წინასაარჩევნო ბრძოლითა და სურვილით, ხაზი გაუსვას წინა ხელისუფლების ქმედებების დანაშაულებრივ ხასიათს, რომელიც 2008 წელს სამხრეთ ოსეთში ოსებსა და რუს სამშვიდობოებზე თავდასხმაში გამოიხატა. ეს არის დაბრუნება ისტორიულ სიმართლესთან" - დაუყვავა "ოცნებასა" და მის ლიდერ ივანიშვილს რუსმა დეპუტატმა.

ამასთან, მან იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ივანიშვილის განცხადება არ შეიცავდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისადმი პირდაპირ მოწოდებას, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ:

"შეუძლებელია, ივანიშვილს არ ესმოდეს, რომ განვლილი წლების განმავლობაში ამ მატარებელმა ჩაიარა, რომ აწი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ვეღარ იქნება მისაღები ვერც ფართო ავტონომიის, ვერც ფერედაციის, ვერც კონფდერაციის იდეები, რომ მათ სხვა გზა აირჩიეს და რუსეთს არ ძალუძს, თუნდაც რაიმე გეოპოლიტიკური სარგებლის გამო აიძულოს აფხაზები და ოსები, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენო".

"სულ სხვა საქმეა", ზატულინის თქმით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება", რის შესახებაც, დეპუტატის ინფორმაციით, კონსულტაციები უკვე წლებია, წარმოებს. მისივე მტკიცებით, "თუ თავდაპირველად ბელარუსი ამ იდეას არ იზიარებდა, 2020 წლის შემდეგ შეიქმნა ახალი სიტუაცია და სადღეისოდ ეს ინიციატივა გაცილებით ახლოა რეალობასთან".

ახლა, "ოცნების" მიერ მოსკოვისთვის ლოიალობის საკმარისად დამტკიცების შემდეგ, იგივეს სთავაზობს რუსეთი თბილისსაც:

"მსურს, ქართველი კოლეგების ყურადღება გავამახილო იმაზე, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ აფხაზებსა და ოსებთან შეხვედრა საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში. რომ წარმოვიდგინოთ პროექტი, რომლის თანახმად, საკავშირო სახელმწიფო ფართოვდება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ხარჯზე, ეს იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, დაგვეძლია წარსულის პრობლემები" - მიმართავს ზატულინი თბილისს და იქვე ხაზგასმით უცხადებს, რომ "რუსეთს არ აქვს არანაირი განზრახვა, აიძულოს ეს რესპუბლიკები, საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ - თუნდაც იმის სანაცვლოდ, რომ თავად საქართველომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის კურსზე უარი თქვას".

ამგვარად, მოსკოვმა "ოცნებას" იმედები გაუცრუა, საქართველოს მმართველი გუნდის ვითომდა "პრაგმატული" ანტიდასავლური პოლიტიკის სიმცდარესაც აჰხადა ფარდა და ტერიტორიული მთლიანობის ვითომდა "ნებისმიერ წუთს მოსალოდნელი აღდგენის" შესახებ ამასწინანდელი წინასაარჩევნო ნარატივის სიყალბესაც: კრემლი ღიად და ცალსახად ამბობს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე უარის თქმის სანაცვლოდ საქართველოს არაფერს დაუბრუნებს - მეტიც, ოკუპანტ სახელმწიფოს ახლა უკვე მთელი საქართველო სჭირდება პუტინის "საკავშირო სახელმწიფოს" შემადგენლობაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S