ელჩის ინფორმაციით, ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ
03/02/2020 09:09:19 საზოგადოება
საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.
"ჩემთვის ცნობილია, რომ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის და ალბანეთის მოქალაქეები. ისინი თვითმფრინავმა ჩინეთიდან ჩამოიყვანა თურქეთში და ახლა კარანტინში არიან. ამჟამინდელი მონაცემებით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ისინი რჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. შემოწმდა მათი ბარგი. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში არ არის დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევა, წინააღმდეგი ვარ რასისტული შეხედულებების, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოება მტრულად განაწყოს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდება თურქეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე,"- განაცხადა ფატმა სერენ იაზგანიმ.
ცნობისთვის: კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. ისინი კარანტინში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "ქვეყანაში სამი პაციენტი გადის მკურნალობას ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ მათაც ამ ეტაპამდე კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ხვალ ველოდებით გერმანიიდან პასუხს, რომლითაც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, დაუდასტურდება თუ არა ამ სამ პირს კორონავირუსი".
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 361-ს მიაღწია. გუშინ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ფილიპინებში დაფიქსირდა. გარდაცვლილი 44 წლის მამაკაცი ქვეყანაში ჩინეთის ქალაქ უხანიდან იყო ჩასული.


