
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი
26/09/2024 07:28:46 მსოფლიო
უკრაინის დედაქალაქ კიევში და რეგიონების ნაწილში მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა რუსულ რაკეტებს და დრონებს იგერიებდა.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 62 წლის ქალი. დაზიანებულია შენობები და ავტომობილები. ზაპოროჟიეში დაიჭრა 8 ადამიანი. დაზიანებულია 10-ზე მეტი სახლი.
ნიკოლაევის ოლქში შეტევა იყო ენერგოობიექტზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოლქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ენერგოობიექტებზე დრონებით თავდასხმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქალაქ ივანო-ფრანსკოვსკის ნაწილსაც.
რუსული დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია კიევის პეჩერის რაიონში. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მოჰყვა 5-სართულიანი სახლის გაზის მილის ჰერმეტულობის დარღვევას. დაზიანებულია ახლომდებარე სახლებიც და 20-მდე ავტომობილი.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოდესის ოლქს შეუტიეს ოთხი მართვადი საავიაციო რაკეტით(Х-59/69), ხოლო სუმის ოლქს - დაუდგენელი ტიპის ორი რაკეტით. უკრაინელი სამხედროების ცნობითვე, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 78 უპილოტო საფრენი აპარატიც.
უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, ჩამოაგდეს 66 დრონი და 4 მართვადი საავიაციო რაკეტა.
საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო დნეპროპეტროვსკის, კიევის, ჩერკასის, კიროვოგრდის, ზაპოროჟიეს, ვინიცის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, სუმის, პოლტავის, ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის და ხარკოვის ოლქებში.