
ლიბანში „ჰეზბოლას“ 75-ზე მეტ ობიექტზე იერიშის შესახებ იუწყებიან
26/09/2024 08:16:33 მსოფლიო
ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში მოქმედ გასამხედროებულ ისლამისტურ ორგანიზაცია "ჰეზბოლას" 75-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანის სამხრეთში „ჰეზბოლას“ იარაღის საცავებს, სარაკეტო გამშვებ პუნქტებსა და ინფრასტრუქტურას დაარტყეს.
პარალელურად, თერთმეტმა სახელმწიფომ და ევროკავშირმა ისრაელს და ლიბანში მოქმედ გასამხედროებულ ისლამისტურ ორგანიზაცია "ჰეზბოლას" მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გამოაცხადონ 3-კვირიანი ზავი, რათა გაიხსნას სივრცე კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 25 სექტემბერს შეთანხმებულ მიმართვას ხელს აწერენ აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კანადა, ავსტრალია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამირო, კატარი და ევროკავშირი. მათი განცხადებით, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საბრძოლო მოქმედებები ესკალაციით ემუქრება მთელ რეგიონს და არ შეესაბამება არც ისრაელის და არც ლიბანის ინტერესებს.
გამოცემა The New York Times-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი და ლიბანი ინიციატივას მხარს უჭერენ. სააგენტო Reuters-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა უთხრა, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, შესაძლოა, გამოყენებული იყოს რეგიონში, მათ შორის ღაზის სექტორში მშვიდობის დასამყარებლად.
ისრაელმა მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ ინტენსიური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია 23 სექტემბრიდან დაიწყო. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, მხოლოდ 25 სექტემბერს დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, 23 სექტემბრიდან კი დაღუპულია 600-მდე და დაჭრილია 1800-ზე მეტი, მათ შორის ათეულობით ბავშვი. ისრაელი ირწმუნება რომ მისი სამიზნე მხოლოდ ჰეზბოლას ლიდერები და ობიექტებია.