
ცქიტიშვილი -ფოთის პორტის თემაზე: “მთავრობის არც ერთმა წევრმა ამის თაობაზე არ ვიცოდით“
30/05/2019 10:15:01 ეკონომიკა
საქართველოს ვიცე–პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ირწმუნება, რომ “მთავრობის არც ერთმა წევრმა და არც მან არ იცოდა" ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისთვის გაცემული ნებართვის შესახებ.
ცქიტიშვილმა თქმით, დღეს, საკითხის შესწავლის შემდეგ პროცედურული დარღვევები იქნა აღმოჩენილი.
„ვწუხვარ, რომ ეს ინფორმაცია ასეთი სახით შევიტყვეთ. როგორც ნათია თურნავამ განმარტა, ეს არ იყო ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვა, არამედ იყო მიწის სარგებლობის გარკვეული პირობების დადგენა, თუმცა ბრძანება ამ პირობებზე ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი სიპის მიერ იყო გაცემული ისეთ ფორმით, რომ ეს საკითხი ეკონომიკის მინისტრთან შეთანხმებული არ იყო. გარდა ამისა, რაც გუშინ და დღეს ამ საკითხის შესწავლა მოხდა, როგორც ჩანს, ეკონომიკის სამინისტროს მიერ პროცედურული დარღვევები იქნა აღმოჩენილი. კერძოდ, ამ ბრძანების გაცემის პროცესში საკითხი არ იქნა შეთანხმებული მიწის მესაკუთრესთან - ქონების მართვის სააგენტოსთან. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრის მიერ შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სიპი-ს ხელმძღვანელი გათავისუფლებულია და მიწით სარგებლობის წესის ბრძანება პროცედურული დარღვევის გამო გაუქმდა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის: გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა გასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინვე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა:
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება“.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის წინასწარი ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. მისივე თქმით, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც ნებართვა გასცა.
„პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას; ეს არის ე.წ. მიწათსარგებლობის წინასწარი სარგებლობის დოკუმენტი, რომელიც გაიცა ჩვენი ერთ-ერთი სააგენტოს, კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არცერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად - ჩემთან“, – დასძინა თურნავამ.