26-09-2024 22:30:11 ანალიზი
ჯერ კიდევ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი ტრიბუნიდან მსოფლიოს გასაგონად იმეორებდა “ოცნებისთვის” უკვე ტრადიციულად ქცეულ პროპაგანდისტულ ნარატივებს მმართველი ძალის მიერ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის “ღირსების დაბრუნებაზე” მიმართული “პრაგმატული” პოლიტიკის შესახებ, ახსენებდა ჩვენს იდენტობას, კულტურას, მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს… დღეს დილით კი ქვეყნის მოსახლეობასა და სტუმრებს ქუჩებში “ოცნების” ახალი საარჩევნო ბანერები დახვდათ, რომელთა გამოსახულება ალბათ, ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს შეაძრწუნებს და რომლის შემოქმედს არც ღირსებასთან შეიძლება, ჰქონდეს რაიმე საერთო, არც ქართულ კულტურასთან, ტრადიციებსა და იდენტობასთან. პოლიტიკური მიზნით მსგავსი რამის გამოყენება, წესით, არათუ მრავალგზის ომგამოვლილ ქართველებს, ზოგადად არც ერთ ღირსეულ ადამიანს არ უნდა მოსდიოდეს აზრად…
“ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერი სლოგანით “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“ ორ ნაწილად არის გაყოფილი: ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი ეკლესიის, განადგურებული ქალაქების, შენობების, ინფრასტრუქტურული ნაგებობის შემაძრწუნებელი შავ-თეთრი ფოტოკოლაჟია, რომელსაც კუთხეში ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წითელი ჯვრებით გადახაზული ნომრები აწერია, ხოლო მეორე მხარეს - ამჟამად მშვიდობიანი საქართველოს, უვნებელი ტაძრის ფერადი ფოტო მმართველი პარტიის საარჩევნო ნომრით:
მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც “ოცნების” ახალ საარჩევნო ბანერს “სამარცხვინო” უწოდა და სოცქსელში შემდეგი შინაარსის პუბლიკაცია განათავსა:
"ასეთი სამარცხვინო, ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის ასე შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბ-ს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!".
ის, რომ "ქართული ოცნების" სკანდალური საარჩევნო ბანერი ეფუძნება კარგად ცნობილ პროპაგანდისტულ ნარატივს "რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობების" თაობაზე, რომელსაც მმართველი ძალა პოლიტიკური ოპონენტებისა და ქვეყნის დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციისთვის აქტიურად იყენებს, დღეს ფაქტობრივად, ღიად დაადასტურა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც ახალ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, მათ შორის, პრეზიდენტ ზურაბიშვილის კრიტიკულ შეფასებებსაც გამოეხმაურა:
"ბანერებზე აქვთ პრეტენზია? ბანერებს შეხედეთ: ეს არის არსებული რეალობა, „ფოტოშოპით“ შექმნილი კი არაა! საქართველოს ხელისუფლებას რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, უკრაინაში მოხალისეები და იარაღი გაეგზავნა, დღეს აქ იგივე რეალობა გვექნებოდა, რაც უკრაინაშია! ნახეთ, რა დღეშია უკრაინა: ამდენი დევნილი, ამდენი მსხვერპლი, ამდენი განადგურებული ქალაქი, სოფელი... ეს ბანერები ამას გულისხმობს. ქვეყანა, რომელიც ამ ომის ქარცეცხლშია გახვეული, წარმოიდგინე, იმის შურს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოქალაქეებს ეუბნება, რომ "ჩვენ ჩამოვრჩებით უკრაინას" - აი, ასეთი სამარცხვინო გზავნილი აქვს! საქართველოს მოქალაქეებმა ხომ [ომი - რედ.] თავის თავზე განიცადეს, ჩვენს ზურგზე გავიარეთ.. [უკრაინაში - რედ.] ომის დაწყების დღიდან აქ რომ მიტინგები იყო, რას მოგვიწოდებდნენ? - შევერთებოდით სანქციებს, გაგვეშვა მოხალისეები, გაგვეგზავნა იარაღი, ანუ, პირდაპირი მოწოდება იყო ომში ჩართვისო".
ჟურნალისტებმა ამ კონტექსტში ყაველაშვილს როგორც ახალ ბანერზე, ისე მის კომენტარში რუსეთის არხსენების ფაქტზე მიუთითეს, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს:
"რა თქმა უნდა, მეორე მხარეს რუსეთია, მაგას გეუბნებით! თქვენი პატრონები რომ მომიწოდებენ მე, ომში ჩავერთო რუსეთთან, ამაზე მაქვს საუბარი. ჩვენ რომ ეს განგვეხორციელებინა, იგივე რეალობა იქნებოდა, რაც უკრაინაშია. შენ რომ მომიწოდებ, რომ სანქციებს შევუერთდე, მოხალისეები გავუშვა, იარაღი გავუგზავნო, ომში ჩავერთო? - იგივე რეალობა იქნებოდა საქართველოს ქალაქებში, რა რეალობაც არის უკრაინაში. ამას გულისხმობს ეს ბანერები და ძალიან კარგად იგებს ჩვენი საზოგადოება".
კიდევ მოგვიანებით ახალი ბანერით გამოწვეული კრიტიკისგან მმართველი გუნდის დაცვა სცადა იუსტიციის მინისტრმაც, თუმცა უნდა ითქვას, რომ რატი ბრეგაძეს ეს არცთუ ხეირიანად გამოუვიდა: მისი კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, “ოცნებაში” საქართველოს ომგამოვლილ მოსახლეობას იმდენად უგუნურად თვლიან, რომ ჰგონიათ, მსგავსი ბანერების გარეშე ომსა და მშვიდობას შორის განსხვავებას ვერ დაინახავს და შესაბამისად, მშვიდობას სათანადოდ ვერ დააფასებს:
"რაც შეეხება საარჩევნო ბანერის შინაარსს, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენი, მათ შორის ახლო და მეგობარი სახელმწიფო არის გახვეული ცეცხლის ალში და საქართველო დიდი რისკების წინაშე დგას. როდესაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება, ჩვენ ვალდებული ვართ, ქართველი ხალხის ინტერესები გავითვალისწინოთ და საქართველოს მოსახლეობა გავიყვანოთ სამშვიდობოს ისე, რომ ერთ ადამიანსაც კი არ ჩამოუვარდეს 1 თმის ღერიც კი. ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს მოსახლეობას, თუ რა განსხვავებაა ომსა და მშვიდობას შორისო".
რუსეთი, როგორც ვხედავთ, ომის კონტექსტში არც იუსტიციის მინისტრს უხსენებია - თითქოს საქართველოს 2008-ში, შემდეგ უკრაინას 2014-სა და 2022-ში არა რუსეთი, არამედ ვინმე სხვა დასხმოდეს თავს და თითქოს დღესაც, თუკი ჩვენს ქვეყანას ვინმე საფრთხეს უქმნის, ეს არა რუსეთი იყოს, არამედ მსოფლიოს რომელიმე სხვა სახელმწიფო! ამასთან, ბევრს მინისტრის კომენტარში ცუდად ეცნო სიტყვები “ცეცხლის ალი” - ანუ ის, რაშიც, “ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ამასწინანდელი წინასაარჩევნო განცხადების თანახმად, საქართველოს წინა ხელისუფლებამ 2008 წელს “ოსი ძმები გაჰხვია”. ივანიშვილის განცხადებაშიც რუსეთი ომის კონტექსტში ნახსენები არ ყოფილა და აგრესორად საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება - მაშასადამე, საქართველო იყო წარმოჩენილი, რისთვისაც მმართველმა გუნდმა მოსკოვის მორიგი შექებაც დაიმსახურა - “კარგია, ისტორიულ სიმართლეს რომ უახლოვდებითო”…
არ ვიცი, ვის რას აჯერებს ჯერ კიდევ “ოცნება” და ვისთვისაა სარწმუნო მმართველი გუნდის წევრთა ზემოთ მოყვანილი დღევანდელი განმარტებებიც, მაგრამ თავად კიევში “ოცნების” ბანერში დაინახეს ის, რაც შეუძლებელია, არ დაინახო - “პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი ომის შედეგების, ათასობით უდანაშაულო ადამიანის ტანჯვისა და სისხლის, ეკლესიებისა და კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების სურათების დაუშვებელი გამოყენება”.
ამასთან, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურებაშია აღნიშნული, “ქართველ ხალხს შეუძლია, არ ეშინოდეს ახალი ომის, ვიდრე უკრაინა რუსულ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს”.
“ამ წინააღმდეგობის საშინელი ფასი ასევე საქართველოში მშვიდობის ფასია. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისგან. უკრაინა თანმიმდევრულად, მყარად და მტკიცედ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. იმედი გვაქვს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიანად და დემოკრატიულად ჩატარდება და ქართველი ხალხი გააგრძელებს ევროკავშირსა და ნატო–ში გაწევრიანების სტრატეგიულ კურსს”, - აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ოფიციალური კიევის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც:
„აი, ღირსების მაგალითი! მადლობა უკრაინას!“, – დაწერა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში.
სულაც არაა აუცილებელი, პოლიტიკაში ერკვეოდე - საკმარისია, მართლაც გაგაჩნდეს ღირსება, კულტურა, ქართული იდენტობა და იცოდე საქართველოს თუნდაც უახლესი წარსული, რომ ამ მოსაზრების მართებულობას მიხვდე. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მმართველი გუნდისთვის, ღირსეული რიგითი ქართველები ყველაფერს მშვენივრად ხვდებიან - ამ ავადსახსენებელ ბანერებთან მიმართებაშიც და ზოგადადაც! ამას უამრავი კომენტარი მოწმობს, რომელიც “ოცნების” ნამოქმედართან დაკავშირებით დღეს სოცქსელში წავიკითხე. მოვიყვან მათგან მხოლოდ ერთს, რომელიც განსაკუთრებით მომეწონა და სრულად ვიზიარებ: