
კობახიძე თვლის, რომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება ომის შედეგების შეხსენება
27/09/2024 06:31:10 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თვლის, რომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება ომის შედეგების შეხსენება. ასე ხსნის ის პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგების ამსახველი სურათების გამოყენებას.
მისი თქმით, კრიტიკული მედია და ოპონენტები „იმას, რაც ხდება უკრაინაში“, „წარმოაჩენენ“ რომანტიულად და „ეს ხდება იმისთვის, რომ საზოგადოება შეაგუოთ ომის იდეას“.
„საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი [...]საქართველოში ომს და უკრაინის სცენარის განხორციელებას ვერ ეღირსებით. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რა არის ომის შედეგები და ომის ფასი“,- უთხრა მან გმირთა მემორიალთან ჟურნალისტებს, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მივიდა.
მან კომენტარი არ გააკეთა კიევის რეაქციაზე უკრაინის თემის პოლიტიკურ რეკლამაში გამოყენებასთან დაკავშირებით.
"საზოგადოებას ვახსენებთ, რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადადა და რა ავიცილეთ თავიდან 2022 წელს, 20023 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. [...]
[ომისა და მშვიდობის შედარება] ეს არის პრინციპული იმისათვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი. რაც არის გამოსახული ამ სურათებზე, არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად, სხვათა შორის. 2022-2023 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდებოდა იგივე ბედის გაზიარება ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა და იგივეს აპირებენ ვიღაც-ვიღაცეები საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც“,- ამტკიცებს კობახიძე.
თბილისში გამოჩნდა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა". ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი - ფერადი.
კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ - სენაკის თეატრი, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ფონდის" მიერაა რეაბილიტირებული.
ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:
4 - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“
5 - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
25 - „გახარია საქართველოსთვის“.
"ასეთი შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს, “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ბანერებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ახალი - სკანდალური წინასაარჩევნო ბარიერი ეფუძნება კარგად ცნობილ პროპაგანდისტულ ნარატივს "რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობების" თაობაზე, რომელსაც მმართველი ძალა პოლიტიკური ოპონენტებისა და ქვეყნის დასალელი პარტნიორების დისკრედიტაციისთვის იყენებს.